skip to content
ახალი ამბები

38 უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურ ბოიკოტს გმობს

38 უნივერსიტეტის რექტორი „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ ბოიკოტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“ და რომ „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე“.

რექტორებმა ხაზი გაუსვეს, რომ “ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება“ და რომ პოლიტიკური პროცესი „არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე“.

რექტორებმა ის პროფესორ-მასწავლებლები დაადანაშაულეს, რომელთაც „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფარგლებში უარი თქვეს ლექციების ჩატარებაზე, და აღნიშნეს, რომ მათი გადაწყვეტილება „არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას“ და „უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს“.

„თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა“, – განაცხადეს რექტორებმა.

„თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება“, – აღნიშნეს რექტორებმა და დასძინეს, რომ მათთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

რექტორთა განცხადებას, რომელსაც ხელი არ მოაწერეს რამდენიმე წამყვანმა უნივერსიტეტმა, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თავისუფალმა უნივერსიტეტმა, კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრი სტუდენტი, ისევე როგორც მათი ბევრი პროფესორი, მიიჩნევს, რომ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ქუჩაში დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასეთ დროს ლექციებზე ჯდომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button