
SJC: უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) 26 სექტემბერს განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს. სასამართლომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის შშმ პირების ინტეგრაციაზე ზრუნვა და საბაზისო სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ის არსებული პოლიტიკის ძირეული რევიზიისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც უნდა გახდეს“, აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
„ნეიტრალური სტატუსის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები“ არის სპეციალური პირადობის მოწმობები, რომლებიც გაიცემა ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებზე, რომელთაც არ სურთ საკუთარი თავის საქართველოს მოქალაქედ იდენტიფიცირება. ის შეიძლება იყოს საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ აღიარებაზე დათანხმდნენ და ასევე შეიძლება წარედგინოს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმე, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება მოყვა, ეხება 2021 წელს მომხდარ ინციდენტს. ოჩამჩირეში (ოკუპირებული აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო მას უარი უთხრეს.
- 01/03/2023 – სასამართლო: ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირებს მოქალაქეების მსგავსი სოციალური უფლებები აქვთ
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მას ანიჭებს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის უფლებას. უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ადეკვატური სოციალური მხარდაჭერას არ აძლევდა და ამით უგულებელყოფა სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს.
მართალია ნეიტრალური დოკუმენტები უზრუნველყოფს წვდომას ზოგიერთ სოციალურ მომსახურებაზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, მათ მფლობელებზე არ ვრცელდება ისეთი საბაზისო სოციალური გარანტიები და პროგრამები როგორიც არის პენსია, მათ შორის, შშმ პირთა პენსია, მუნიციპალური საცხოვრისების სერვისები, ფულადი შეღავათები. „ეს მიდგომა საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების რეალური დაცვის მიზნებს არ პასუხობს. ნიშანდობლივია, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მათ შორის, ამ სტატუსთან დაკავშირებული მწირი სოციალური გარანტიებით შეიძლება აიხსნას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
„ჩვენი აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცვლის სახელმწიფოს პრობლემურ მიდგომებსა და პრაქტიკას, რომელიც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს სუსტ სოციალურ გარანტიებს აძლევს და მომავალში ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „იმედს გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი და მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი აღმასრულებელი უწყებები პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებისთვის უფრო ფართო სოციალურ გარანტიებს, გასაცემლებსა და პროგრამებს გაითვალისწინებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებებისა და სოციალური საჭიროებების დაცვას არსებითად გააუმჯობესებენ“.
საქართველომ ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი 2011 წელს მიიღო და მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გარეშე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ინტეგრირებაა. ახალი მოწმობების აღება შედარებით შეზღუდული იყო. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ისინი მხოლოდ სოციალურ სერვისებზე შეზღუდულ წვდომას უზრუნველყოფენ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა რუსულ პასპორტს ფლობს და სოციალურ შეღავათებს სწორედ ამ სახელმწიფოსგან იღებს. ცოტა ხნის წინ რუსეთმა ზოგიერთი სოციალური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/06/2012 – მოსკოვი თბილისის ნეიტრალურ დოკუმენტებზე აშშ–ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
- 08/02/2012 – მოსკოვი თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს ‘ხრიკს’ უწოდებს
- 01/07/2011 – ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია
- 17/06/2011 – პარლამენტმა ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის თაობაზე კანონპროექტი მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)