ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია
პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ლეგიტიმურად მცხოვრებ“ პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამეტში ყოველგვარი დებატების გარეშე წარიმართა, თერთმეტ სხვადასხვა კანონში მოიცავს ცვლილებებს და ისეთ სფეროებს არეგულირებს, როგორიცაა პასპორტების გაცემა, სახელმწიფო სიმბოლოები, გადასახადები, განათლება, გრანტები და მეწარმეობა; ასევე ცვლილებები შევიდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტების აღება სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ნებაყოფლობით შეეძლებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს იმოგზაურონ საზღვარგარეთ და ასევე ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური სერვისებით. ამგვარი დოკუმენტების აღება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს.
ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტები გაიცემა "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე".
ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტის საფასური 35 ლარი, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის –10 ლარი იქნება. ეს დოკუმენტები დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ „არაქართულ ენაზე“; მათზე დატანილი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი და არ იქნება გამოსახული საქართველოს გერბი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელ პირებს სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა შეეძლებათ არა მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან, არამედ აკრძალული მიმართულებებიდანაც, თუმცა ამის შესახებ უნდა აცნობონ საქართველოს მთავრობას.
ამასთან, ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მიზნებისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას სეპარატისტული რეგიონების ორგანოების მიერ გაცემული აქტები, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ეს აქტები, ცვლილებების თანახმად, "არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს“.
ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)