ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს ‘ხრიკს’ უწოდებს

საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები და პირადობის ნეტრალური მოწმობები თბილისის „ხრიკია“, რაც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობის „მოტყუებას“ ისახავს მიზნად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს.

„ეს ‘ნეიტრალური პასპორტები’ რეალურად სულაც არ არის ნეიტრალური“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ დოკუმენტებში ქვეყნის კოდში საქართველოა მითითებული, ხოლო გამცემი ორგანოს გრაფაშ– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მისი თქმით, თბილისის ეს „ხრიკი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოლიტიკის „მორალურ წამგებიანობას, რომლის მიზანიც აფხაზების და სამხრეთ ოსების უკან საქართველოში დაბრუნებაა“.

„რესპუბლიეკის მრავალწლიანი დამახრჩობელი ბლოკადა და 2008 წლის აგვისტოს ბარბაროსული სამხედრო თავდასხმა საქართველოს მმართველებს საკუთარი გეგმების განხორციელებაში ვერ დაეხმარა. ახლა ისინი ფსონს მოტყუებაზე და სხვადასხვა სარგებლის დაპირებაზე დებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ფაქიზი ჩართულობის“ არსი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებში მოთხოვნა ამგვარ დოკუმენტებზე არც თუ მაღალია და თავად საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ „მხოლოდ რამდენიმე ათეული ასეთი დოკუმენტი გაიცა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხი ბევრად ადრე დაისვა, ვიდრე მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებდა.  „თუმცა, სწორედ საქართველომ დაბლოკა მაშინ ეს შესაძლებლობა, რამაც დიდწილად განაპირობა ის, რომ რესპუბლიკების მოსახლეობამ მასობრივად მიმართა რუსეთს მოქალაქეობისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button