skip to content
ახალი ამბები

სასამართლო: ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირებს მოქალაქეების მსგავსი სოციალური უფლებები აქვთ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 22 თებერვალს ძალში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათების მიღებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე პირები იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები.

2021 წელს ოჩამჩირეში (ოკუპირებული აფხაზეთი) მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საქართველოს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ფლობს, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიის მოთხოვნით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო მას უარი უთხრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლება, ჰქონდეს მინიმალური საარსებო პირობები, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და სოციალური სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპია. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვანი მფარველობა, ინტეგრირება და მხარდაჭერა გამოხატავს ქვეყნის გაცხადებულ დეოკუპაციის პოლიტიკას“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ნეიტრალური პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე პირთა სოციალური დახმარებაზე უარის თქმის გრძელვადიანი პრაქტიკის უკანონოდ ცნობის შესახებ, პრეცედენტულია და „მომავალში განაპირობებს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და ამ მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებებს“.

საქართველომ ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი 2011 წელს მიიღო და მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გარეშე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ინტეგრირებაა. ახალი მოწმობების აღება შედარებით შეზღუდული იყო. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ისინი მხოლოდ სოციალურ სერვისებზე შეზღუდულ წვდომას უზრუნველყოფენ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა რუსულ პასპორტს ფლობს და სოციალურ შეღავათებს სწორედ ამ სახელმწიფოსგან იღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button