skip to content
ახალი ამბები

„ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდაზე ივანიშვილის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოეხმაურნენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც 2008 წლის ომში „გარე“ ძალები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშულა. ივანიშვილის თქმით, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება მიესალმა ამ განცხადებას, „თუ ის რეალური ნაბიჯებით გამყარდება“, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა ის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა იური ვაზაგოვმა განაცხადა, რომ ისინი ელიან „არა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სადაც მთავარ საკითხად კვლავ უსაფრთხოების გარანტიებზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების მიღწევა რჩება“, – ციტირებს Jam-News-ი ვაზაგოვს 15 სექტემბერს.

„სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამჟამად საარჩევნო კამპანიის პროცესშია. 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია საკმაოდ გამძაფრდა“, – განაცხადა ვაზაგოვმა და დასძინა, რომ „სხვადასხვა პოლიტიკური ძალების განცხადებების ტონი და ისინიც, რაც გაკეთდება, პირდაპირ კავშირშია საარჩევნო ციკლთან, და სამხრეთ ოსეთი არ ერევა მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში“.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელმა აცამაზ ბიბილოვმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, განაცხადა: „საქართველომ უნდა აღიაროს თავისი დანაშაული სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებისა და სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის; მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ბოდიში გულწრფელია“. მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებები წინასაარჩევნო კამპანიით არის განპირობებული: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, სხვადასხვა განცხადებებს აკეთებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. თუმცა, პრაქტიკულად, ქართული მხარე არანაირ ნაბიჯს არ დგამს სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვრის ერთობლივი დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ“.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება უშუალოდ აფხაზეთის რესპუბლიკას არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება, თუ ის გამყარდება რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დაეფუძნება წარსული შეცდომების გადაფასებას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, შეიძლება გახდეს მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი“.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადება ცხადყოფს, რომ „საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button