ბელარუს ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და დეპორტაცია ემუქრება
საქართველოში მცხოვრებ ბელარუს ჟურნალისტს, ანდრეი მიალეშკას, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაცია ჟურნალისტმა ფეისბუქზე 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.
მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იმ მუხლით ეთქვა, რომელიც განმარტებულია, როგორც „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. უარის ამგვარი ოფიციალური მიზეზი მსგავს შემთხვევებში წარსულშიც გამოიყენებოდა.
„ისინი პოლონეთში გვაბრუნებენ მიზეზების განმარტების გარეშე. პასპორტები ჩამოგვართვეს და ქუთაისის აეროპორტის უცნაურ ოთახში ვსხედვართ“, – წერს მიალეშკა ფეისბუქის პოსტში.
ანდრეი მიალეშკა ქალიშვილთან ერთად საქართველოში ბრუნდებოდა, სადაც ის ბათუმში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, სამი წელია, 2021 წლიდან, ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც ბელარუსი პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა. „თვითმფრინავით პოლონეთში დამაბრუნებენ მომდევნო რეისზე, რომელიც იქნება. როგორც მივხვდი, იმ რეისით, რომელიც ქუთაისიდან ვარშავაში გაფრინდება“, – განუცხადა ჟურნალისტმა „პოზირკს“. მისი კიდევ ერთი შვილი და მეუღლე საქართველოში არიან.
ჟურნალისტის თქმით, ის და მისი ქალიშვილი „ოთახში ჩაკეტეს, პასპორტები ჩამოართვეს“. „პასპორტებს პოლონეთში გაფრენისას დაგვიბრუნებენ. სხვას არაფერს ამბობენ“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
ანდრეი მიალეშკამ განაცხადა, რომ მან სცადა საქართველოში საერთაშორისო დაცვა მოეთხოვა, რაზეც უპასუხეს: „სამი წელი იცხოვრე საქართველოში, ადრე რატომ არ გააკეთე ეს?“ მას უთხრეს, რომ ახლა საერთაშორისო დაცვას ვერ მოითხოვდა.
რადიო თავისუფლება საქართველოში მცხოვრები კიდევ ერთი ბელარუსის, უფლებადამცველ რომან კისლიაკის ციტირებას ახდენს. რომლის თქმითაც „ასეთ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა“ და რომ საკმარისია აეროპორტის თანამშრომლებთან გააკეთოს ასეთი განცხადება, თუნდაც პასპორტი ჩამორთეული ქონდეს. განცხადება შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)