skip to content
ახალი ამბები

ეუთო/ოდირმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 12 სექტემბერს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ნათქვამია ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ეუთო/ოდირის მისია რუსეთის მხრიდან აშშ-სა და ეუთო/ოდირის წინააღმდეგ თავდასხმების ფონზე გაიხსნა. რუსეთი მათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ არჩევნებში „ჩარევაში“ ადანაშაულებს.

სადამკვირვებლო მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან  გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ოდირის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.

„მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ. კერძოდ, ისინი მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს. ისინი ასევე შეაფასებენ ოდირის მიერ წარსულში გაწეული არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას“, – ნათქვამია ამავე პრესრელიზში.  

არჩევნების დღეს ოდირის მისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.

არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციაზე წარადგენს დაკვირვების წინასწარ შედეგებს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში იქნება გამოქვეყნებული.

ეუთო/ოდირს მიაჩნია, რომ „შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკვირვების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button