ორმა ჟურნალისტმა უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
„მთის ამბების“ მთავარმა რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა და „სტუდიო მონიტორის“ საგამოძიებო ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ 16 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ეს უკვე რიგით მეოთხე სარჩელია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის წინააღმდეგ შევიდა. მანამდე სარჩელები პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და 121 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ შეიტანეს.
მთივლიშვილმა და ზურიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კანონი „სერიოზულ პრობლემებს“ უქმნის მედიის თავისუფლებას, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომლის ქვაკუთხედიც წყაროს გაუთქმელობაა.
„ამ სარჩელში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო მედიაზე. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს რუსული კანონის მთელი რიგი მუხლები, თუმცა ვიდრე საკონსტიტუციო არსებით გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე, ვითხოვთ, რომ შეჩერდეს ამ კანონის მთელი რიგი მუხლების მოქმედება“, – განაცხადა მთივლიშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენი წყაროები ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები“, რადგან „მაუზერიან კაცებს, როგორც ეს 37 წელს ხდებოდა, შეუძლიათ ვიღაცის დასმენის საბაბით შემოვიდნენ უკვე 3 სექტემბრიდან ჩვენს ორგანიზაციებში და არამხოლოდ ორგანიზაციისგან, არამედ ჩვენთან დასაქმებული, ან ყოფილი თანამშრომლებისგან ამოიღონ განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაცია“.
ორივე ჟურნალისტი ერთხელ უკვე გახდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მისი მხარდამჭერების სამიზნე. გელა მთივლიშვილი მმართველმა პარტიამ შოვის მეწყერზე მისი სტატიის გამო გააკრიტიკა, სადაც ტრაგედიაზე ხელისუფლების რეაგირების არაეფექტურობაზე იყო საუბარი. რაც შეეხება ნინო ზურიაშვილს, იგი კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე გახდა და მისი კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/06/2024 – სიახლეების ბლოგი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ
- 29/05/2024 – არასამთავრობოები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)