skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისია ქართულ ოცნებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებას„მტკიცედ ურჩევს“

ვენეციის კომისიამ 21 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც „მტკიცედ ურჩევს“ ქართულ ოცნებას კანონის გაუქმებას და აცხადებს, რომ „კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების  და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე”. ვენეციის კომისიის თქმით, კანონი „გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“.

კომისია სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ სადავო კანონპროექტი პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილების უგულებელყოფით მიიღო და აცხადებს: „საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს”.  

კომისიამ განაცხადა, რომ მან გააანალიზა კანონის შესაბამისობა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან და დაასკვნა: „…კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8(2)-ე, 10(2)-ე, და 11(2)-ე მუხლებით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 17(2)-ე, 19(2)-ე და 22(2)-ე მუხლებით  განსაზღვრულ მკაცრ ტესტს შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს“.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ ორგანიზაციების უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადებას „სერიოზული შედეგები“ აქვს და ხაზს უსვამს, რომ ეს „ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ საქმიანობას”. კომისია დასძენს, რომ ორგანიზაციების ვალდებულება, დარეგისტრირდნენ და შეატყობინონ საჭირო ინფორმაცია, რაც „ზღუდავს სტიგმატიზებული ჯგუფებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებს,  და ამასთან სერიოზულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს გამოიწვევს, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ამ ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებასა და არსებობას“. მოსაზრებაში წერია, რომ „სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზაციის გამომწვევი დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის“.

კომისიის თქმით, კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, „სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ“. კომისია აღნიშნავს, რომ „წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედია, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ „საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ“ და ამ ფონზე, „დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა“. კომისიის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. „კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button