ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ოპოზიციური პარტიებისგან, IRI-სა და NDI- სგან ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ბიურომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოსთხოვა, 31 აგვისტოსთვის წლის პირველი 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, ხოლო IRI-სა და NDI-ს ქართული ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” წევრებს კი ყველა ფინანსური ანგარიშის გასაჯაროება მოსთხოვა.
ბიუროს მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიები მიღებულ ფინანსურ შემოწირულობებს “სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ”. ამავე დროს, მათი პოლიტიკური კამპანია და აქტივობები “შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს”. ამ კონტექსტში შემდეგი პარტიებია ნახსენები:
- “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”
- “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
- “გირჩი – მეტი თავისუფლება”
- “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი”
- “ელენე ხოშტარია – დროა”
- “აჰალი – გვარამია, მელია”
“უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, – განაცხადა კუპრაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ და პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს და კონკრეტული პარტიების მხარდამჭერ ვიდეოებს ამზადებენ. “საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან”.
კუპრაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” გამოყო და აღნიშნა, რომ იგი დააფუძნეს „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) და ლევან ცუცქირიძემ და მათ ჰქონდათ საერთო ღონისძიება, რომელიც საარჩევნო მიზნების საჯაროდ გამოცხადებას ეძღვნებოდა. მისი თქმით, ორგანიზაციის საქმიანობა აჩვენებს, რომ მას პოლიტიკური მიზანი აქვს, თუმცა იგი არ ასრულებს კანონის მოთხოვნებს და არ რეგისტრირდება პოლიტიკურ პარტიად. კუპრაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ ორგანიზაცია თავის საქმიანობას სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საშუალებით ახორციელებს და აღნიშნა, რომ მისი ფინანსური საქმიანობა არ არის გასაჯაროებული.
“‘მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მანვე, “საზოგადოების ინტერესებზე” მითითებით, ყურადღება გაამახვილა “დემოკრატიის ფესტივალზე”, რომელიც EECMD-ს ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დაფინანსებით ჩატარდა. კუპრაშვილი ირწმუნება, რომ ღონისძიება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია კონკრეტული პარტიების მიმართ გამოხატოს მხარდაჭერა მაშინ, როცა ღონიძიებაზე ყველა პარტია მიწვეული არ ყოფილა. მისი თქმით, ფესტივალზე ის ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილი, რომელთა საქმიანობაც “მიმართულია” პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. “აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი“, – თქვა ბიუროს ხელმძღვანელმა.
კუპრაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას არჩევნების დროს. მან მიმართა NDI-სა და IRI-ს, “რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში”, და მათ მათ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, რათა მათ მიერ “დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად”. კუპრაშვილისვე თქმით, “არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია”.
“იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია აისახება მათ სადამკვირვებლო ანგარიშებში”, – განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიცემული მეოთხე რეკომენდაციის ფარგლებში დაარსდა. ამჟამად მას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც პოსტზე პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი გააკრიტიკეს. ისინი თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმძღვანელის დანიშვნა ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/08/2024 – პრემიერმა დაადასტურა, რომ “ოცნება” ყველა ახლანდელი ოპოზიციური კოალიციის აკრძალვას გეგმავს
- 05/07/2024 – TI საქართველო: ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს
- 22/01/2024 – ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს
- 19/12/2023 – ვენეციის კომისია: ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არსებული სახით არასაკმარისია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)