skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: ანტიკორუფციული ბიურო  არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 5 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ 2023 წელს არ გაასაჯაროვა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები.

ორგანიზაციის თქმით, 2017 წლიდან, როდესაც დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება ამოქმედდა, 2022 წლამდე, საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა. თუმცა, პროცესის გაუმჯობესების ნაცვლად, დეკლარაციების მონიტორინგის სტანდარტი გაუარესდა.

TI საქართველო აცხადებს, რომ 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა 720 დეკლარაცია, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, ასევე პარლამენტარებისა და მოსამართლეების დეკლარაციები.

ანტიკორუფციულმა ბიურომ არა მხოლოდ დაარღვია ვადები, არამედ არ გამოაქვეყნა მონაცემები აღმოჩენილი დარღვევებისა და სანქციების შესახებ. 2024 წლის 29 მარტს პარლამენტს მხოლოდ მონიტორინგის ზოგადი სტატისტიკა წარედგინა 2023 წლის 1 სექტემბრამდე. 2023 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის ეს მონაცემებიც კი არ გასაჯაროვებულა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბიუროში განმარტავენ, რომ დაახლოებით 220 თანამდებობის პირის, მათ შორის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, 68 პარლამენტარის, 13 მინისტრის მოადგილის, ხუთი მოსამართლის, ორი პროკურორის და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურების შედეგები 2024 წლის წლიურ ანგარიშში შევა, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგების არ გასაჯაროება იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

„ანტიკორუფციულ ბიუროს მოვუწოდებთ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაასაჯაროოს 2023 წლის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button