გაზეთი “კომუნისტი” 1978: ეკონომიკის პრობლემები
გაზეთი კომუნისტი, 17.08.1978
რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“
კონტექსტისთვის: “1970-იანი წლების მიწურულს საბჭოთა საქართველო ერთი-მეორეს მიყოლებით, გადაჭარბებით, ასრულებდა სამეურნეო გეგმებს. ერთი შეხედვით წარმატების უკან, მთელს რესპუბლიკაში გავრცელებული ეკონომიკური სახის დანაშაულები იდგა. პროდუქციის რაოდენობის გასაზრდელად, ხელისუფლება, ახალისებდა წარმოების ხარისხის ვარდნას, მიწერებსა თუ ფალსიფიკაციებს. შედეგად, გეგმები მხოლოდ ფურცელზე სრულდებოდა, რეალურად კი, სამომხმარებლო სექტორში, იზრდებოდა ხარისხიანი პროდუქტის მკვეთრი დეფიციტი.
ვინ ზარალობს, როცა ერთი დარგი არ ითვალისწინებს მეორის მოთხოვნებს?
სოციალისტური ეკონომიკა ერთიანი სახალხო-სამეურნეო გეგმის საფუძველზე ვითარდება. ცხადი, აქ წინასწარ არის ყოველმხრივ გათვალისწინებული თითოეული დარგის, გაერთიანებისა თუ საწარმოს მუშაობის შედეგები. გაზეთ “კომუნისტის” 1978 წლის 16 მაისის ნომერში უკვე ვწერდით თუ რაოდენ, აუცილებელია, რომ ამა თუ იმ დარგში, გაერთიანებასა და საწარმოში შექმნილი შუალედური შედეგები შეესაბამებოდეს სახალხო მეურნეობის დადგენილ პარამეტრებს. ეკონომიკის ეკონომიკის ერთი დარგის მუშაობის შედეგები თუ არ შეესაბამება მეორე დარგის მოთხოვნებს, ეს უარყოფითად იმოქმედებს როგორც თვით ამ დარგის, ისე მასთან დაკავშირებულ დარგთან და საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის მაჩვენებლებზე, საბოლოო ანგარიშით კი საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონეზე. ამაში ღრმად გვარწმუნებს სამეურნეო პრაქტიკა. საამისო მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება ჩვენი რესპუბლიკის სინამდვილიდანაც. ავიღოთ, თუნდაც შემთხვევა, როდესაც სამრეწველო საწარმოთა საქმიანობის შედეგები არ შეესაბამება ვაჭრობის მოთხოვნებს, ამით სერიოზული სიძნელეები იქმნება ორივე დარგის მუშაობაში. სამრეწველო საწარმოთა მუშაობის შედეგებისა და სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნების შეუსაბამობა დიდ ზარალს აყენებს თვით სამრეწველო საწარმოებს. უარესდება მათი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის მაჩვენებლები, დიდია ეკონომიკური სანქციები, დიდძალი შრომითი, მატერიალური და ფულადი რესურსები იხარჯება წუნიანი პროდუქციის გადასაკეთებლად.
შარშან უსტანდარტო სახალხო მოხმარების საქონლის წარმოებისათვის რესპუბლიკის სამრეწველო საწარმოთა მოგებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 61.4 ათასი მანეთი, ხოლო პროდუქციის რეალიზაციის გეგმის შესრულების მაჩვენებელს დააკლდა 879.7 ათასი მანეთის უხარისხო პროდუქცია (საბითუმო ფასებით). საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ თბილისის ფეხსაცმლის ფაბრიკა “ისანს” გეგმის შესრულებაში არ ჩაეთვალა 113439 მანეთის პროდუქცია, ხოლო ქუთაისის ტყავის ფეხსაცმლის კომბინატს – 149647 მანეთისა. უხარისხო პროდუქციის დამზადების გამო 48677 მანეთით შეუმცირდა რეალიზაციის დავალების შესრულების მაჩვენებელი ბათუმის ფეხსაცმლის კომბინატს, 52025 მანეთით თბილისის სინთეზური ნაწარმის ფაბრიკას, 69592 მანეთით სამტრედიის ჩაის საწნეხ ფაბრიკას, 44246 მანეთით – ქუთაისის საწარმოო სამკერვალო გაერთიანებას, ასევე დიდია წუნდებული და დაბალი ხარისხის პროდუქციის დამამზადებელ საწარმოთა მიერ მიღებული მოგებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული ფულადი სახსრები, თბილისი ფეხსაცმლის ფაბრიკა “ისანს” სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დარღვევით ნაწარმის გამოშვებისთვის 5.7 ათასი მანეთით შეუმცირდა მოგება, ხოლო ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკას 5.2 ათასი მანეთთ. […] რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საქონლის ხარისხისა და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი სამმართველო და სხვა ორგანოები, როგორც წესი გამოშვებული პროდუქციის ერთი ნაწილის ვარგისიანობას ამოწმებენ მხოლოდ. დამზადებული ნაწარმის მთლიანი მოცულობა რომ გაგვეკონტროლებინა, ცხადია, გაცილებით მეტი და უფრო საგრძნობი იქნებოდა უხარისხო პროდუქციის მიწოდებისათვის მრეწველობისადმი წარსადგენი ჯარიმები და სხვა სახეობის ეკონომიკური სანქციები. მაგრამ რაგინდ დიდიც უნდა იყოს ამ სანქციებით გამოწვეული ზარალი, იგი მხოლოდ მრეწველობას შეეხება, ამიტომაც ვერც ასახავს სრულად წუნდებული ნაწარმის მიწოდების შედეგად სხვა დარგებში შექმნილ სიძნელეებს.
უხარისხო პროდუქციის მიწოდება, დიდად აფერხებს სავაჭრო საწარმოთა მუშაობასაც: ძნელდება რეალიზაციის პროცესი, უარესდება სავაჭრო კომერციული საქმიანობის მაჩვენებლები, დიდძალი ნაწარმი ვერ პოულობს მომხმარებელს, მათი შენახვისა და მოვლა-პატრონობისათვის კი უნაყოფოდ იხარჯება დამატებითი შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსები. მაგალითად, გასული წლის პირველი ოქტომბრისათვის რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციებში 78.5 მილიონი მანეთის ზენორმატიული სასაქონლე ნაშთები იყო. ამავე პერიოდისათვის თითქმის სამი ათეული მილიონი მანეთის ძნელად გასასაღებელ საქონელს ითვლიდა სახელმწიფო ვაჭრობის სისტემა, 31,6 მილიონისას კი ცეკავშირის სავაჭრო ორგანიზაციები. მხოლოდ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს სავაჭრო ქსელსა და ბაზებში არსებული იმ საქონლის ღირებულება, რომელმაც ვერ პოვა მომხმარებელი, 14 მილიონი მანეთისა იყო. რესპუბლიკის, სამმართველო ორგანიზაციების საწყობებსა და საბითუმო-სავაჭრო ბაზებში ჩაწოლილი მხოლოდ ტრიკოტაჟის ნაწამის ღირებულება ორ ათეულ მილიონ მანეთს აღემატებოდა, გაძნელებული იყო 5 მილიონი მანეთის შალის ქსოვილების, 5.3 მილიონი მანეთის ფეხსაცმლისა და დიდი ოდენობის სხვა სახელობის პროდუქციის რეალიზაცია. ცხადია, ასეთი ნაწარმი დიდი ხნის მანძილზე ზენორმატიული სასაქონლე მარაგის სახით მძიმე ტვირთად აწევს სავაჭრო ორგანიზაციებს, მოსახლეობის მოთხოვნა კი ამავე სახეობის პროდუქციაზე დაუკმაყოფილებელი რჩება. ამ მოჩვენებითი სახალხო სამეურნეო შედეგების მისაღწევად დიდძალით შრომითი, მატერიალური და ფულადი რესურსები დაიხარჯა, მიზანი კი განუხორციელებელი დარჩა. საცალო სავაჭრო ქსელსა და საბითუმო ბაზებში ჩაწოლილი საქონლის რეალიზაციის დასაჩქარებლად აუცილებელი ხდება ნაწარმის საკმაოდ დიდ ნაწილზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება და ჩამოფასება.
მხოლოდ შარშან რესპუბლიკის საცალო სავაჭრო ქსელსა და საბითუმო ბაზებში ჩამოფასდა 58144 ათასი მანეთის ფართო მოხმარების საქონელი გადაფასების შედეგად განახევრდა, ცალკეულ შემთხვევებში კი უფრო მეტადაც დაქვეითდა ბევრი სახეობის პროდუქციის თავდაპირველი ღირებულება. ასეთი დიდი ფასდაკლების მიუხედავად, ვერ პოვა მომხმარებელი ძნელად სარეალიზაციო საქონლის საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა: გაუსაღებელი დარჩა 10746 ათასი მანეთის ჩამოფასებული საქონელი, მათ შორის 573 ათასი მანეთის – ქსოვილი, 3066 ათასი მანეთის – ტანსაცმელი და თეთრეული, 931 ათასი მანეთის –- ზედა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 3191 ათასი მანეთის – ტყავის, ტილოსა და კომბინირებული ფეხსაცმელი, 877 ათასი მანეთის საგალანტერეო ნაწარმი და სხვა.
ზემოთქმული განაპირობებს იმას, რომ საქონლით გადატვირთვის მიუხედავად, საცალო სავაჭრო ქსელი მწვავედ განიცდის ამა თუ იმ სახეობის ასორტიმენტის, ზომის, ფასონის, მოდელის, ფერისა თუ სხვა ესთეტიკურ-სამომხმარებლო პარამეტრების მქონე პროდუქციის ნაკლებობას. ეს კი უწინარეს ყოვლისა იმის მიზეზია, რომ ზოგიერთი სამრეწველო საწარმო ნაკლებად ითვალისწინებს ვაჭრობის მოთხოვნას – გამოდევნებულია პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის საერთო მაჩვენებლების შესრულებას და ანგარიშს არ უწევს იმას, რომ სავაჭრო ქსელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს არა ფართო მოხმარების საქონელი, საერთოდ, არამედ მისი ესა თუ ის კონკრეტული სახეობა. სავაჭრო საწარმოთა მუშაობას კიდევ უფრო ართულებ ის, რომ ხშირად მრეწველობა ვერ უზრუნველყოფს ვაჭრობისათვის პროდუქციის ასორტიმენტის მიხედვით კი არა, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოცულობის მიწოდებასაც კი. განა ამაზე არ მეტყველებს ის, რომ შარშან რესპუბლიკის სამრეწველო საწარმოებმა სავაჭრო ორგანიზაციებს 80 მილიონი მანეთით ნაკლები ფართო მოხმარების ნაწარმი მიაწოდა. სავაჭრო საწარმოთა ნორმალური საქმიანობა ფერხდება იმის გამოც, რომ უხეშად ირღვევა ნაწარმის მიწოდების გრაფიკიც. როგორც წესი, სამრეწველო საწარმოები სავაჭრო ორგანიზაციებს ცალკეული თვეებისა და კვარტლების გეგმებით გათვალისწინებული პროდუქციის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს საანგარიშო პერიოდის მიწურულს აწვდიან. ამის გამო საქონელბრუნვის თვიური გეგმების ძირითადი ნაწილი თვის მესამე დეკადაში სრულდება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს იწვევს ვაჭრობის მუშაკთა დაძაბულ მუშაობას, თვით მომხმარებელი ვერ იძენს საჭირო ნივთს მისთვის სასურველ დროს.
აღინიშნოს ისიც, რომ თვით სავაჭრო ორგანიზაციებიც სცოდავენ მოსახლეობის მოთხოვნის შესწავლაში და მრეწველობას დაუსაბუთებელ (ხელოვნურად გადიდებულ ან ხელოვნურად შემცირებულ) შეკვეთა განაცხადებს უდგენენ. არცთუ იშვიათია შეკვეთა-განაცხადების დაგვიანებით წარდგენის ან საერთოდ წარუდგენლობის შემთხვევებიც. ყოველივე ეს ართულებს, ზოგჯერ შეუძლებელსაც ხდის იმას რომ. სამრეწველო საწარმოებში საწარმოო პროგრამების შემუშავებისას სწორად განსაზღვრონ ამა თუ იმ სახეობის პროდუქციის წარმოების მოცულობა და ასორტიმენტული სტრუქტურა. რაც მთავარია, ერთი მხრივ, გამოშვებული პროდუქციის საერთო მოცულობაში მოსახლეობის მოთხოვნისადმი შეუსაბამო ნაწარმის საკმაოდ დიდი ხვედრითი წონა, ხოლო მეორე მხრივ, ასორტიმენტულ სტრუქტურასა და მიწოდების დავალებების შესრულებაში არსებული სერიოზული ნაკლოვანებები უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების და მოსახლეობის სავაჭრო მომსახურების დონეზე. მართლაც, შარშან რესპუბლიკის სახელმწიფო და კოოპერაციულ ვაჭრობაში, მოსახლეობის 788 სულზე გაანგარიშებით, დაახლოებით 700 მანეთის საქონელი გაიყიდა, საშუალოდ ჩვენს ქვეყანაში კი შესაბამისი მაჩვენებელი 880 მანეთს უდრიდა. საერთო ფართო მოხმარების ნაწარმის უკმარისობა კი არა, უწინარეს ყოვლისა სათანადო ასორტიმენტს, სტრუქტურისა და ხარისხის საქონლის სიმცირეა იმის უპირველესი მიზეზი, რომ რესპუბლიკაში გაუმართლებლად დაბალია საქონელბრუნვის განვითარების დონე. მოთხოვნისა და მიწოდების დისპროპორციის შედეგად რესპუბლიკაში თითქმის ორი ბოლო ათეული წლის განმავლობაში სისტემატურად გაუწონასწორებელი რჩება მოსახლეობის ფულადი შემოსავალ-გასავალი, ვერ ხერხდება მოსახლეობის შემოსავლის საგრძნობი ნაწილის ადგილზე რეალიზაცია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სხვა, რესპუბლიკებში იძენს მისთვის სასურველ პროდუქციას, ის კი, რომ არაფერი ვთქვით სხვა ნეგატიურ მოვლენებზე, მშრომელთა გაუმართლებელ დროისა და ფულად დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში დარგთა და საწარმოთა ეკონომიკური კავშირისა და ურთიერთობის გაუმჯობესება მათი ურთიერთხელსაყრელი საქმიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაფართოებით წარმოების ეფექტიანობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი ძირითადი რეზერვია. როგორ ავამოქმედოთ მთელი უკუგებით საბოლოო სახალხო-სამეურნეო შედეგების გაუმჯობესებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი?
ო. შურღაია, ჟურნალ „ეკონომისტის” მთავარი რედაქტორის მოადგილე.