გაზეთი ლელო, 1978: რატომ კარგავს დინამო თბილისი ტალანტებს?
ისტორიული კონტექსტი
საბჭოთა კავშირში, თბილისის “დინამო” ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენდა. დინამოელებს თამაშის საკუთარი , სწრაფი და ტექნიკური სტილი ჰქონდათ, რაც მათ გამოარჩევდა ყველა საბჭოთა გუნდებისაგან. 1970-იანი წლების მიწურულს, გუნდმა წარმატების პიკს მიაღწია. ჯერ 1976 წელს მოიგო სსრკ-ს თასი, ორი წლის შემდეგ გახდა სსრკს ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – თასების მფლობელთა თასზე. 1983 წლიდან გუნდმა დაღმასვლა დაიწყო.
საბჭოთა საქართველოში თბილისის “დინამო” აღქმული იყო როგორც საქართველოს ნაკრები და ასეც იყო: სწორედ აქ იკეთებდნენ კარიერას ის ფეხბურთელები, რომლებმაც თამაში სხვა ქართულ გუნდებში დაიწყეს. ქუთაისის “ტორპედო” მხოლოდ 60-იანი წლების განმავლობაში თამაშობდა სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სტაბილურად. 80-იან წლებში კი უმაღლეს და პირველ ლიგას შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, სწორედ “დინამოს” თამაშებს უყორებდა მთელი საქართველო გაფაციცებით და იმედით.
რატომ გვეკარგებიან ტალანტები?
გაზეთი ლელო, 28.03.1978
რედაქციისგან: გაზეთი “ ლელო” საქართველოს სსრ საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტისა და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო.
ქართული ფეხბურთი არასდროს ყოფილა ტალანტებს მოკლებული. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე ჩვენი ჭაბუკები არავის უთმობდნენ ხოლმე საკავშირო პირველობას (დაწყებული „ტყავის ბურთიდან“ დასრულებული იმედის თასის ჩათვლით) თუ ავიღებთ 1977 წლის საკავშირო გათამაშებას ოლიმპიურ სპეციალიზებულ სპორტსკოლებს შორის აქ პირველი და მეოთხე ადგილები საქართველოს სპორტსკოლებს ჰქონდათ.
ყველაფერი ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ საკითხავია სად იკარგებიან გუშინდელი ჩემპიონები, რატომ ვერ ვხედავთ მათ წამყვან ოსტატთა გუნდებში? აი საკითხი რომელიც დიდი ხანია გვაღელვებს. ამ თემაზე ბევრმა სპეციალისტმა და ცნობილმა ფეხბურთელმა გამოთქვა აზრი, ზოგიერთი მათგანი, ძირითადად თბილისის ყოფილი 35-ე საშუალო სკოლის გახსნა-აღდგენაში ხედავდა პერსპექტივას.
35-ე საფეხბურთო სკოლის არსებობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და სასარგებლო იყო, იგი ახლაც იტყოდა თავის სიტყვას, მაგრამ, ვფიქრობ, დღეისთვის სხვა რანგის სკოლების არსებობა უფრო საჭიროა, სკოლისა რომელიც თავს მოაბამდა საქართველოში არსებული 20 საფეხბურთო სპორტული სკოლის მუშაობას, ბოლომდე მიიყვანდა ნორჩ ფეხბურთელთა აღზრდასა და სრულყოფას.
მაშინ როცა არსებობდა თბილისის ვაჟთა 35-ე საფეხბურთო სკოლა, მისი კურსდამთავრებულები ნიჭიერი ფეხბურთელები წვრთნას განაგრძობდნენ ორწლიან ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლში, რომელიც დაარსებული იყო საკავშირო სპორტკომიტეტის გადაწყვეტილებით (40-50 სპორტსმენზე). სკოლას გამოყოფილი ჰქონდა საკუთარი საწვრთნელი ბაზა (დღევანდელი „ლოკომოტივის“ სტადიონი), სადაც ტარდებოდა 45-დღიანი სასწავლო-საწვრთნელი საბანაკო შეკრებები და სხვა.
ამ სკოლაში მუშაობდნენ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები: ანდრო ჟორდანია, არჩილ კიკნაძე, ვიკტორ პანუკოვი, გიორგი ანთაძე და სხვები. მათი და ოსტატთა გუნდების მწვრთნელთა შერჩევით ამ სკოლაში ირიცხებოდნენ 17-18 წლის ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელები, ისეთებიც კი, რომლებმაც დაამთავრეს ცნობილი 35-ე საშუალო სკოლა – მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე და სხვები. ახლა ასეთი სკოლა არ არსებობს, არადა იგი აუცილებელია და აი რატომ:
თუ ჩვენ ფეხბურთის სწავლებას, პირობითად დავყოფთ საფეხურებად, პირველი – ეს იქნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლის კურსი დამთავრება, მეორე ორწლიანი ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლის კურსის დამთავრება (რომელიც დღეს არ არსებობს) და მესამე ამ ფეხბურთელთა განაწილება ოსტატთა გუნდებში. აშკარაა რომ დღეს სწავლების ეს საფეხურები დარღვეულია. 17-18 წლის ჭაბუკი, რომელიც ამთავრებს ბავშვთა ფეხბურთის სკოლის კურსს ან საერთოდ იკარგება ფეხბურთისთვის, ან უკეთეს შემთხვევაში ნაადრევად მოუმზადებლად მიდის ოსტატთა გუნდში, იქ მწვრთნელებს აღარა აქვთ იმის დრო და საშუალება, რომ მათთან გააგრძელონ დამატებითი სასწავლო-სამწვრთნელო მუშაობა. სპორტსკოლის კურსდამთავრებული, ბუნებრივია ვერ დააკმაყოფილებს იმ დიდ მოთხოვნებს, რომლებსაც წარუდგენენ ოსტატთა მწვრთნელები, ამავე დრო არც სკოლას გააჩნია იმის საშუალება რომ 18-19 წლის ასაკის ახალგაზრდასთან გააგრძელოს დამატებითი სასწავლო-საწვრთნელი მუშაობა. რა დასამალია და ამ მიზეზით ჩვენს რესპუბლიკაში 20 საფხებურთო სკოლის მუშაობის შედეგები თითქმის განახევრებულია, ბავშვთა სკოლებში ასობით მომუშავე მწვრთნელის შრომა კი, შეიძლება ითქვას, წყალშია გადაყრილი. ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის სიკეთისთვის ვფიქრობთ, უთუოდ სასარგებლო იქნებოდა დაარსებულიყო ორწლიანი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა ან უმაღლესი დაოასტატების სკოლა ფეხბურთში (თუნდაც ქალაქ თბილისის რომელიმე სპორტსკოლის ხარჯზე), სადაც თავს მოიყრიდნენ სხვადასხვა სპეციალიზირებული ფეხბურთის სპორტსკოლებიდან შერჩეული 18-19 წლის ასაკის იმედი მომცემი ახალგაზრდები, სწორედ ეს იქნება სწავლებისა და დაოსტატების ის მეორე საფეხური, ის აუცილებელი გზა მოზარდი ფეხბურთელის აღზრდისთვის, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი.
გარდა ამისა, გადაწყდება მეორე პრობლემაც – მუდმივად თვალწინ გვეყოლება ფაქტიურად რესპუბლიკის ჭაბუკთა ნაკრები გუნდი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს ყველაფერი არ მივიღოთ დოგმად და უკეთესი საშუალებაც გამოვნახოთ, მაგრამ ერთი კი არის: რაც მალე ჩამოყალიბდება სწავლის მეორე საფეხური, მით უფრო დროულად შეემეტება ქართულ ფეხბურთს ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი.
შ.მერკვილაძე,
თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზირებული საფეხბურთო სკოლის დირექტორი.