skip to content
ახალი ამბები

SovLab: ხელისუფლება საბჭოთა არქივებზე წვდომას ზღუდავს

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ (SovLab), რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულს სწავლობს, 17 იანვარს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მკვლევარებისთვის საბჭოთა პერიოდის საარქივო დოკუმენტებზე მუშაობა ძალიან გართულდა და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც გახდა. SovLab-ის თქმით, მმართველი პარტიის მიერ საბჭოთა არქივებზე წვდომის თანდათანობით შეზღუდვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა წარსულის სამეცნიერო შესწავლა, რამაც ხელი შეუწყო რუსული დეზინფორმაციული მანქანის მიერ უახლესი ისტორიის წარმატებულ ინსტრუმენტალიზაციას.

პრესკონფერენციაზე SovLab-ის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ხვადაგიანმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ უკვე წლებია სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და პირიქით, გაუარესდა.

ხვადაგიანმა ხაზი გაუსვა კვლევის შესაძლებლობებზე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული არაფორმალური ტაქტიკა კიდევ უფრო აფერხებს მკვლევარებს. ამის მაგალითია ხელისუფლების უარი გაამჟღავნოს 1970-იანი და 1980-იანი წლების KGB-ს თანამშრომლების ვინაობა. ხვადაგიანმა განმარტა, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს, რომ დაიცვას საბჭოთა პერიოდის ხელისუფლება, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება წინაპრებად მიიჩნევს.

სუს-ის არაფორმალური კონტროლის ქვეშ არსებული არქივები

გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ სინამდვილეში არაფორმალურად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) წყვეტს უნდა ჰქონდეთ თუ არა მკვლევარებს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სუსის მითითებით მკვლევარებს წვდომაზე უარი ეთქვათ. SovLab-ის თქმით, სუს-ს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, რომ არქივებზე წვდომა გააკონტროლოს.  

კანდელაკმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბუნებრივია, დაინტერესებული უნდა იყოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულების გამოვლენაში; თუმცა, მისი თქმით, ამის საწინააღმდეგო პრაქტიკა შეინიშნება. მისი თქმით, რუსული საინფორმაციო ომის მანქანა საბჭოთა წარსულის შესახებ ქართული საზოგადოების შეზღუდული ინფორმირებულობით სარგებლობს. ყოვლისმომცველი ინფორმაციის არარსებობა კი თავის მხრივ ნაყოფიერ საფუძველს ქმნის ისტორიული ნარატივების დამახინჯებისა და საზოგადოების აღქმის მანიპულირებისთვის.

ამავე საკითხზე საუბრისას ირაკლი ხვადაგიანმა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შემთხვევა გაიხსენა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იღებს იოსებ სტალინი მატრონასგან დალოცვას.

შსს-ს არქივები მკვლევარებისთვის დახურულია

ხვადაგიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივი რამდენიმე თვეა დახურულია მკვლევარებისთვის და ამის მიზეზად „რეორგანიზაცია“ სახელდება. ამ დაწესებულებაში ოფიციალურად განთავსებულია საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საბჭოთა პერიოდის არქივები.

ორგანიზაციის პრესრელიზის თანახმად, „უკვე 2013 წელს მთავრობამ აკრძალა ყოველგვარი წვდომა საბჭოთა უშიშროების და შსს-ს თანამშრომელთა მონაცემებზე 1970-იანი წლების ჩათვლით. ბოლო თვეების განმავლობაში სოვლაბის მკვლევრებს კანონის დარღვევით უარი ეთქვათ გაცნობოდნენ კომუნისტური პარტიის მასალებს, რომლებიც ეხება 1970-იან და 1980-იან წლებს“.

ხვადაგიანი შიშობს, რომ შსს-ს არქივების დახურვა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ან შეიძლება კვლევისთვის კიდევ უფრო რთული პირობებით გახსნან. მისი თქმით, მკვლევარებისთვის ამ რთულ ვითარებაში, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა მნიშვნელოვან საარქივო მასალებზე, საკომპენსაციოდ არც ციფრული მომსახურებას სთავაზობენ. ხვადაგიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად საბჭოთა დოკუმენტების დიგიტალიზაცია აქტუალურ საკითხად რჩება.

SovLab-ის თქმით, საარქივო ადმინისტრაციები მიზანმიმართულად ზღუდავენ კატალოგებზე წვდომას და ამის მიზეზად სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ. მაგალითად, KGB-ს არქივს არ აქვს ვებგვერდი, ხოლო ეროვნული არქივის ვებგვერდი ძალიან შეზღუდულია.

აკრძალვა დოკუმენტების ფოტოგადაღებაზე

კიდევ ერთ დაბრკოლებად SovLab-ი საარქივო დოკუმენტების ფოტოგადაღების აკრძალვას ასახელებს. ამის ნაცვლად, მკვლევარებს შეუძლიათ არქივის ადმინისტრაციას დოკუმენტების ფოტოასლის გადაღება სთხოვონ, რაც, კანდელაკის თქმით, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რადგან საფასური მაღალია და მკვლევარებს, ჩვეულებრივ, კვლევების ჩასატარებლად ათასობით ფოტოასლები ესაჭიროებათ.

გარდა ამისა, SovLab–ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული დოკუმენტები მიზანმიმართულად იმალება, რაც მათზე წვდომას ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება

SovLab–ის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების გამო. მათი თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაბით, მას ინდივიდუალურ პირთა შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაიდუმლოებისთვის იყენებენ.

SovLab–ის თქმით, ამგვარ პრაქტიკას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რადგან იგი მკაცრად ზღუდავს სასიცოცხლო ინფორმაციას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად მთელ პერიოდს 1949 წლიდან დღემდე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა მნიშვნელოვნად აფერხებს მკვლევარების შესაძლებლობას, შეისწავლონ ისტორიული მონაცემები.

რთული სამუშაო პირობები

SovLab-ის თქმით, მკვლევარებს რთულ პირობებთან და სამკითხველო დარბაზებში გრძელ რიგებთან გამკლავება უწევთ, რაც მათ სრულფასოვან მუშაობას ხელს უშლის. მაგალითად, შსს-ს არქივში სამკითხველო დარბაზი სასროლო ოთახის გვერდითაა განთავსებული, რის გამოც მკვლევარებს მუშაობის დროს სროლის ხმების მოსმენა უწევთ.

რეკომენდაციები

SovLab-მა ხელისუფლებისთვის შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

  • მკვლევარებს უნდა მიეცეთ უფლება საარქივო დოკუმენტები საკუთარი მოწყობილობებით გადაიღონ;
  • ფოტოკოპირება უფასო უნდა გახდეს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
  • ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის არასწორად ინტერპრეტირება;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეწყვიტოს არქივების მუშაობაში ჩარევა;
  • ხელისუფლებამ უნდა გამოაქვეყნოს კატალოგები;
  • სამკითხველო ოთახები შესაბამის ადგილებში უნდა შეიქმნას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button