მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი კომუნისტი 1986: ინფორმაცია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის შესახებ

სადგური და მისი ამბები

„პრავდის“ კორესპონდენტები გადმოგვცემენ ჩერნობილი ატომური ელექტრო სადგურის რაიონიდან

გაზეთი კომუნისტი: 07.05.1986

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

კონტექსტისთვის: 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ პრიპიატთან არსებული ჩერნობილის ატომურელექტრო სადგურზე, მსოფლიო ისტორიაში, უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. აფეთქდა სადგურის მეოთხე ბლოკი – ატმოსფეროში არნახული რაოდენობით გაიფანტა რადიოაქტიური ნივთიერებები. საბჭოთა ხელისუფლება, მოცემულ ფაქტს მალავდა და მხოლოდ ათი დღის შემდეგ, სხვა ქვეყნების საჯარო კრიტიკის შემდეგ, აღიარა მოცემულობა. სალიკვიდაციო სამუშაოები, აფეთქებიდან კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა – რეაქტორი მოექცა სარკოფაგის ქვეშ, ხოლო 30 კილომეტრიანი ტერიტორია, გამოცხადდა აკრძალულ ზონად.

რადიაციულმა ღრუბელმა, თითქმის მთელს ევროპას გადაუარა, გავრცელებული ეჭვით, ღრუბელი დაფიქსირდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზეც. ოფიციალურ ინფორმაციით, კატასტროფის პირდაპირი ეფექტით, რამდენიმე დღეში, დაიღუპა 19 ადამიანი (მათ შორის სტატიაში ნახსენები მეხანძრეების დიდი ნაწილი), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რადიაციული დასხივებით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობა რამდენიმე ათეულ-ათასს შეიძლება აღწევდეს, რომ აღაფერი ითქვას ონკოლოგიური თუ სხვა დაავადებების პროვოცირებაზე.

უცნაურად, უჩვეულოდ გამოიყურება პრიპიატი ვერტმფრენიდან. ქათქათა მრავალსართულიანი შენობეიბ, ფართო პროსპექტები, ბაღები და სტადიონები, საბავშვო ბაღების სათამაშო მოედნები და მაღაზიები… ჯერ კიდევ რამდენი დღისწინათ, აქ 25 ათასი ენერგეტიკოსი და მშენებელი, ქიმიკოსი და სამდინარო ტრანსპორტის მუშაკი მუშაობდა და ცხოვრობდა. ახლა კი ქალაქი ცარიელია. ქუჩაში ვერც ვერცერთ კაცს ვერ ნახავთ, საღამოობით კი არც ერთ სარკმელში არ აკიაფდება შუქი. და მხოლოდ იშვიათად თუ გამოჩნდება ქუჩაში სპეციალური მანქანა – ეს დოზიმეტრული კონტროლის სამსახურია… ზოგჯერ მდინარისპირა დაბის სიმყუდროვეს არღვევს ძრავების ხმაური. ეს ატომური სადგურში მიჰყავთ მორიგი ცვლა: ელექტროსადგურის სამ ბლოკს მიხედვა სჭირდება, და სპეციალისტებიც კონტროლს უწევენ სადგურის რეაქტორებს, რომლებიც კონსერვაციის რეჟიმზეა გადაყვანილი.

მეოთხე ბლოკი კი…

აფეთქებამ რეაქტორის სახურავი აგლიჯა, მის თავზე სამშენებლო კონსტრუქციები დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. ეს ღამით მოხდა…

მეოთხე ენერგობლოკიდან საგანგაშო სიგნალის მიღებისთანავე ატომური ელექტროსადგურის სახანძრო დაცვის ყარაულის უფროსებმა, ლეიტენანტებმა ვ.პრავიკმა და ვ.კიბენოკმა ფეხზე დააყენეს თავიანთი მებრძოლები. აფეთქების შემდეგ ცეცხლი მოედო სამანქანო დარბაზის სახურავს და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც 30 მეტრის სიმაღლეზე იყო. მეხანძრეთა ჩექმები ეფლობოდა მაღალი ტემპერატურის გამდნარ ბიტუმში, მჭვარტლი სუნთქვას აძნელებდა, მაგრამ მამაცი მეხანძრენი ვაჟკაცურად იბრძოდნენ. თავდადების, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ნიმუშს იძლეოდა კომუნისტი მაიორი ლეონიდე ტელიატნიკოვი, რომელიც ყოჩაღად ხელმძღვანელობდა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს. შემდგომში სპეციალისტები იტყვიან, რომ მეხანძრეთა გმირობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ავარიის მასშტაბები.

და ყოველივე ამის მიუხედავად, მოხდა ის, რასაც ყველაზე მეტად ეშინოდათ ფიზიკოსებს: ჯავშნით შებორკილი რეაქტორის გული გაშიშვლდა. რადიოაქტიურობის ნაწილი ზემოთ ამოიფრქვა, შემდეგ კი შიგნით ხანძარი გაჩნდა. თანაც, მისი ჩაქრობა უჩვეულოდ რთული საქმეა, რადგან აქ წყალიც უძლურია და ყოველივე ქიმიური ნივთიერებანიც – მეტისმეტად მაღალი ტემპერატურის გამო, ის დაუყონებლივ ორთქლდება და ატმოსფეროს შეემატება. […]

როგორც ცნობილია, ზოგიერთმა უცხოურმა სააგენტომ და ნაირ-ნაირმა „რადიოხმამ“ სცადეს პანიკა გამოეწვიათ – გადმოსცემდნენ ცნობებს ათასობით ადამიანი დაღუპვის, ბირთვული აფეთქების, ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილისა და მეზობელი ქვეყნების საყოველთაო დასხივების შესახებ. და სწორედ აქ ამ ცნობებს, მეტი რომ არა ვთქვათ, გაოცებით ხვდებიან… რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სამარცხვინო, ვიდრე გაბოროტებული სიხარული მომხდარი უბედურებოს გამო?

სინამდვილეში მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფისა და მომხდარი ამბისადმი კონტროლის ღონისძიებანი ძალზე სწრაფად ხორციელდებოდა.

იმ ადგილას, სადაც მდინარე უჟი პრიპიატს ერთვის, ჩერნობილის მეტეოსადგურის ერთსართულიანი შენობა დგას. მისი ექვსი თანამშრომელი დღე-ღამეში რვაჯერ იღებს ჰაერის სინჯს, აანალიზებს ნიადაგის ტენიანობას, თვალყურს ადევნებს ღრუბლების მოძრაობას… იმ შაბათს დილაადრიან სადგურის უფროსმა ზ.თ. კორდიკმა თვითონ აიღო სინჯი ხელსაწყოებიდან. ერთ-ერთმა აპარატმა რადიოაქტიურობის გაზრდა უჩვენა. შეშფოთდა ზინაიდა თევდორეს ასული: ეტყობა რაღაც მოხდა ატომურ ელექტროსადგურში, გაიფიქრა, როცა რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში მორიგი დეპეშა გაგზავნა დაკვირვების მონაცემების შესახებ.

ამ დროს კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაბაში უკვე ევაკუაცია იყო დაწყებული . […] საკმარისია ითქვას, რომ სულ ოთხი საათის დასჭირდა ელექტროსადგურის დაბიდან მოსახლეობის გამოძახება-შეგროვებას. როცა კიევში შეიტყვეს მომხდარი უბედურების ამბავი, შაბათის მიუხედავად ბევრნი მივიდნენ საწარმოებში რათა თავიანთი დახმარება შეეთავაზებინათ. N09124 ავტოსატრანსპორტო საწარმოს ათობით მძღოლი შეიკრიბა საწარმოს ეზოში მუშაობის დაწყების წინ. მას შემდეგ, რაც გამოცხადეს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ზონიდან მოსახლეობა უნდა გამოიყვანონ, მძღოლებს შესთავაზეს, ვისაც არ გსურთ ან არ შეგიძლიათ იქ წასვლა, ნაბიჯი წინ გადმოდგითო. არცერთს არ გადმოუდგამს ეს ნაბიჯი. მათ 80 მანქანა წაიყვანეს დაბაში და დაუშრომლად მუშაობდნენ. […]

ახლა ატომურ ელექტროსადგურში გრძელდება ავარიის ლიკვდიაციის სამუშაოები. N1,2 და 3 ბლოკების გაგრილებისა და კონსერვაციის უზრუნველსაყოფად და N4 ბლოკში მომხდარი ავარიის სალიკვიდაციოდ მუშაობენ ბორის ბარანოვი, ვლადიმერ იგნატენკო, ნიკოლოზ ბეშენკო და გენადი დიკი. განსაკუთრებით რთულ პირობებში უხდებ მუშაობა თბო და მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლას, მის უფროსს ნიკოლოზ პრიმაკს. […] რადიაციის დონემ იკლო. კიევში, ჩერნიგოვში, სხვა დიდ ქალაქებსა და პატარა დაბებში ყველგან გულმოდგინე კონტროლს უწევენ გარემოს. დამატებითი ღონისძიებანი ხორციელდება ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ვ.გუბარევი,

მ.ოდინეცი,

„პრავდა“ 1986 წ.6.5.

მსგავსი/Related

Back to top button