სერგეი შამბა რუსეთთან, თბილისთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშვნის შემდეგ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სერგეი შამბამ რუსეთთან და თბილისთან ურთერთობების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ ისაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ოჩამჩირის პორტის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ არის“.
შამბას თქმით, ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ წინაშე არსებული „ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანებია“ საერთაშორისო აღიარების გაფართოება, იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარება, რომელთაც უკვე აღიარეს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. რაც შეეხება რუსეთს, შამბამ განაცხადა, რომ ის „სტრატეგიული მოკავშირეა“.
მან ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომში აფხაზეთის მხარდაჭერაზე და აფხაზეთის მიერ ოკუპირებული ლუჰანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ აღიარებაზე.
„ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა. ერთ-ერთი უმთავრესი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. თქვენ იცით, რომ რესპუბლიკაში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა. რუსეთის სასაზღვრო ძალები ძალიან მნიშველოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა შამბამ რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს ფორმატი აფხაზეთს აძლევს „შესაძლებლობას დაიცვას თავისი პოზიციები“ და ასევე ის არის „კომუნიკაციის არხი საქართველოსთან მოლაპარაკებებში“. მისი თქმით, მოლაპარაკებების ახალ ადგილზე საუბარი ნაადრევია.
რაც შეეხება თბილისთან ურთიერთობას, შამბამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „აღიაროს არსებული რეალობები“ და ასევე გააუქმოს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. „ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ამ ტერმინის [ოკუპაციის] გამოყენებაზე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა მან.
გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლების შესაძლებლობაზე საუბრისას შამბამ აღნიშნა, რომ „ქართველი მონაწილეების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ის 2018 წლიდან უმოქმედოა“.
საქართველოში მოახლოებული არჩევნების კომენტირებისას შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის საკითხი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ იმას, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მიმართ მოწოდებებს და მის რეაქციას „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ მოწოდებებზე. არასოდეს ვკარგავთ სიფხიზლეს და ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მან.
მას ასევე ჰკითხეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ. ამ კონტექსტში, შამბამ გააფრთხილა არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს სააგენტოები, „არ ჩაერთონ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმიანობაში ან ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში“. მან დასძინა, რომ „არსებობს სასარგებლო ჰუმანიტარული პროექტები და ამ ორგანიზაციებში ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ. ამიტომ, ჩვენ შერჩევითად ვიმუშავებთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/05/2024 – ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა
- 29/02/2024 – არძინბა UNDP-ს ულტიმატუმს უყენებს და „ადეკვატური ზომებით“ იმუქრება
- 07/10/2023 – კონტექსტი | რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში?
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)