skip to content
ახალი ამბები

ქართველი სტუდენტების მთავარი დამსაქმებელი კომპანიის ათასობით თანამშრომელი გაიფიცა

12 ივლისს ონლაინ კაზინოს „ევოლუშენ ჯორჯია“ 4000-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა . კაზინო მასობრივად ასაქმებს ქართველ სტუდენტებს. თანამშრომლები ხელფასის მატებასა და შესაბამის სამუშაო პირობებს ითხოვენ.

გაფიცვამდე დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლები, რომელთა ძირითადი ნაწილი სტუდენტებია, წუხდნენ, სამუშაო პირობების გამო. ასევე, ახლახან გამოჟონა მენეჯერების სკანდალურმა მიმოწერამ, რომელშიც ისინი სავარაუდოდ ამცირებენ კომპანიის თანამშრომლებს.

გაფიცვის დაწყების შესახებ,  „ევო უნიონმა,“ პროფკავშირმა გამოაცხადა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებმა ორი წლის წინ დააფუძნეს. გაფიცულთა მოთხოვნების გრძელ სიაშია ხელფასების მატება, მათ შორის 100 პროცენტიანი ზრდა ისეთი პოზიციებისათვის, როგორიცაა თამაშის წამყვანი და ბანქს მჩეხავი, ხელფასების მორგება ინფლაციის ყოველწლიურ მაჩვენებელზე, მომხმარებლებისათვის ე.წ. ჩაის დატოვების საშუალების მიცემა, უკეთესი ჯანდაცვის პაკეტის პირობები, მათ შორის უკეთესი დაზღვევა და მენსტრუაციული შვებულების უფლება. თანამშრომლები ასევე მოითხოვენ მეტ შესვენებას ცვლის განმავლობაში, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულების აღებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრასა და უფრო დაცული, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას.

„ევოლუშენი“ აზარტული თამაშების საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, სულ 16 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სტუდიებში. მათგან თითქმის ნახევარი, 8000-მდე თანამშრომელი კი საქართველოშია, სადაც „ევოლუშენი“ 2018 წელს შემოვიდა და მათი უმრავლესობა სტუდენტია.

„ევოლუშენ ჯორჯია“ პოტენციურ თანამშრომლებს „პირველ სამსახურს“ სთავაზობს. ოფიციალური სახელფასო პოლიტიკის მიხედვით, სრულგანაკვეთიან დამწყებ პოზიციაზე, მაგალითად თამაშის წამყვანად დღის ცვლაში მომუშავე ადამიანს თვეში 900 ლარამდე ხელზე ასაღები თანხის გამომუშავება შეუძლია. ღამის ცვლაში იმავე პოზიციაზე თვიური ანაზღაურება 1225 ლარია. კომპანია თანამშრომლებს სხვა ისეთ ბენეფიტებს სთავაზობს, როგორიცაა ანაზღაურებადი შესვენებები, ჯანმრთელობის დაზღვევა და ბონუსები.

თუმცა, თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ რეალობა ბევრად უფრო მძიმეა. ხელზე ასაღები საათობრივი ანაზღაურება ბანქოს მჩეხავებისთვის სამი, ხოლო თამაშის წამყვანებისთვის ხუთი ლარია. ბონუსები კი, რომელიც თვეში 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობს, დასაქმებულთა ანაზღაურების მნიშვნელობანი ნაწილია. თუმცა, თანამშრომელმა ბონუსები შესაძლოა ძალიან მარტივად დაკარგონ ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, როგორიცაა მაგალითად ცვლის დროზე ადრე დასრულება მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობენ. ცუდად გახდომის ალბათობა კი მაღალია. თანამშრომლები საუბრობენ სტრესულ რუტინაზე, რაც გამოიხატება საათობით, ძალიან ძლიერი განათების ქვეშ, კამერების წინ არაკომფორტულ სკამებზე წელში გამართულად ჯდომაში. თანამშრომლები ასევე არასათანადო ვენტილაციის, ბინძური ოფისებისა და მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და გადაუდებელი მდგომარეობების მიმართ არამგრძნობიარე დამოკიდებულების შესახებ საუბრობენ.

ბოლოს – გაფიცვა

საქართველოს შრომითი კანონმდებლობა ბოლო წლებში გაუმჯობესდა, თუმცა  გაფიცვა მაინც მრავალი სამართლებრივი სახის სირთულესთან არის დაკავშირებული. გაფიცვის შემთხვევების ზრდის, უკმაყოფილების მატების და მენეჯმენტთან მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულების შემდგომ,  პროფკავშირმა დაიწყო გაფიცვა, რომელსაც მისმა წარმომადგენლებმა „ისტორიული“ უწოდეს.

თუმცა, პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მენეჯმენტი ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე, რათა არ შეუერთდნენ აქციას. განცხადებაში, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ გაფიცვას ეხმაურება, საუბარია დამსაქმებელთა გავრცელებულ პრაქტიკაზე, რაც უკავშირდება „განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.”

“ევოლუშენ ჯორჯიამ” სიტუაცია შედარებით მსუბუქად წარმოაჩინა და განაცხადა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა აგრძელებს სამსახურში  გამოცხადებას.

“სამწუხაროდ, მედიაციის პროცესის განმავლობაში ვერ შევთანხმდით, რაც დასრულდა იმით, რომ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა გაფიცვის გზისთვის, ხოლო თანამშრომელთა აბსოლუტური უმეტესობა აგრძელებს მუშაობას,” აცხადებს კომპანიის 12 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში და დასძენს, რომ “მივყვებით სამართლებრივად დადგენილ პროცესს და ვიმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.”

საით მიდის ეს ძალისხმევა?

აღნიშნული გაფიცვა ზოგადად ქვეყნის მასშტაბით მშრომელების უფრო ხანგრძლივი ბრძოლის ნაწილია, ბრძოლისა, რომელიც უკეთესი სამუშაო პირობების შექმნისკენაა მიმართული. მაგრამ, ეს ასევე ახალგაზრდების მიერ, საკუთარი პოლიტიკური და სოციალური უფლებების დასაცავად გაერთიანების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ამ კონტექსტში, ბევრისათვის მოულოდნელად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალგაზრდები უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ აქტიურად მობილიზდნენ, შესაძლოა აისბერგის წვერი ყოფილიყო.

ქართველი სტუდენტების ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა, მაგრამ ბოლო წლების ეკონომიკურმა შოკებმა მათი მდგომარეობა გააუარესა. მზარდმა ინფლაციამ და საგრძნობლად გაზრდილმა ქირის გადასახადმა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები სტუდენტებისათვის თბილისში სწავლა ძალიან გაართულა. ეს კი მაშინ, როცა უნივერსიტეტების უმრავლესობა სწორედ დედაქალაქშია. საბოლოოდ, უკმაყოფილებამ ქართულ უნივერსიტეტებში განმეორებითი პროტესტები გამოიწვია.

თუმცა, ბოლო პერიოდში „ევოლუშენ ჯორჯიას“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ზოგიერთ დამკვირვებელს გაუჩინა აზრი, რომ პრობლემა შრომითი უფლებების სფეროს სცდება. დასაქმების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე  ათასობით სტუდენტი აზარტულ კომპანიებს მიაშურებს სამუშაოდ. შედეგად, ისინი ბევრის აზრით არამხოლოდ ძალიან იტვირთებიან ფიზიკურად, არამედ კარიერული პერსპექტივის თვალსაზრისითაც ბევრს ვერაფერს იძენენ.

ონლაინ კაზინოებში, ქოლ-ცენტრებსა და მსგავს სფეროებში მუშაობის შედეგად ვიღებთ „გამოფიტულ ექსპლუატირებულ და პროფესიის არმქონე შრომით ძალას, რომელსაც წასავლელი არსად არ აქვს, გარდა მორიგი ასეთი სექტორისა, რომელიც კვლავ აგრძელებს ამ ხალხის ექსპლუატაციას და გამოწურვას,” 4 ივლისს ფეისბუქზე დაწერა გურო იმნაძემ სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან, რომელიც არის ქართული პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაცია.

იმნაძე მიუთითებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, უზრუნველყოს შრომის ბაზრის გამართული ფუნქციონირება, რაც მოითხოვს განათლების, პროფესიული გადამზადებისა და სტუდენტების დასაქმების პროგრამების რეფორმირებას. „ევოლუშენი საშინელებაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის უფრო დიდი საშინელების მცირე ნაწილია,” წერს ის.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button