skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს: თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბერლინში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ კონფერენციაზე შეკრებილ საქართველოს ელჩებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეო გზავნილით მიმართა.

პრეზიდენტმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა პირადად მიემართა ელჩებისთვის, თუმცა საჭიროდ მიიჩნია მათთვის ამ გზავნილის გაგზავნა. „თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა ევროპელი ლიდერი, ვისაც ის გასულ კვირას შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტზე შეხვდა, გაკვირვებუილა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“  – „იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე“.

შეაქო რა ქართველი დიპლომატები აქამდე ევროპულ გზაზე პროფესიონალური მუშაობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: „დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა“.

„მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს“.

„ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button