ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

12 ივნისს, ევროკავშირის პრესსპიკერმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „წუხილს“ გამოხატავს საქართველოში „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო“.  ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები“.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელისუფლების ათობით ოპონენტი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი, აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეგულარულად ხდებოდა ხელისუფლების მხარდამჭერი „ტიტუშკების“ თავდასხმების სამიზნე. ამასთანავე, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რეპრესიების თაობაზე.

„ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს“, – აცხადებს ევროკავშირი.

ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და  ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება“.

„ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში  დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – აცხადებს ევროკავშირი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button