skip to content
ახალი ამბები

Amnesty International: საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობას მხარს უჭერს

ეხმაურება რა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას, როდესაც აქტივისტს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილ წევრსა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს სამი პირი სასტიკად გაუსწორდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ იგი დეპუტატების წინააღმდეგ „ტერორის კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა, Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, დენის კრივოშეევმა განაცხადა: „სახელმწიფო მოხელეების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ხელისუფლების ოპონენტების მიმართ ძალადობაზე, რომელიც დაუსჯელი დარჩება“. მისი თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ბერძენიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შემდეგ დაესხნენ თავს, „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

„ჩვენ ღრმად შეწუხებულნი ვართ საქართველოს ხელისუფლების ცრუ პრეტენზიით, რომ კრიტიკა, რომელსაც ისინი აწყდებიან, არის ძალადობრივი შეთქმულება ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში, რომელიც სავარაუდოდ გულისხმობს შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც შემდეგ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერად, თუმცა მშვიდობიანად უპირისპირდებიან დეპუტატებს, რომელთაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს დაუჭირეს მხარი, „პოლიტიკურად მოტივირებულ ტერორს“ ახორციელებენ დეპუტატების წინააღმდეგ.

Amnesty International განაგრძობს: „მათ მიერ განსხვავებული აზრის ინტენსიური ჩახშობა არ არის თავდაცვის ფორმა, არამედ ეს არის ადამიანის უფლებებზე თავდასხმა და საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია გაუძლოს მაღალი დონის კრიტიკას და შემოწმებას.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ძალადობის ციკლი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დაისაჯონ სამართლიანი სასამართლო პროცესის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International-ი ასევე საუბრობს მომიტინგეებისა და ხელისუფლების ოპონენტების დაშინების, თვითნებური დაპატიმრებებისა და ძალადობის შემთხვევებზე, მათ შორის ბოლო თავდასხმებზე ოპოზიციური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე 10 ივნისს და მის ძმაზე; 7 ივნისს სტუდენტ ნიკო მანაგაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ხოლო 4 ივნისს აქტივისტ იოსებ ბაბაევის დაკავებაზე. ორგანიზაცია ასევე იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეებს დეპუტატებთან დაპირისპირებისა და საჯარო კრიტიკის გამო წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ასამართლებენ.

მაისში, როდესაც პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ხელისუფლების ათობით ოპონენტი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი, აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ტიტუშკების“ თავდასხმის სამიზნე გახდა. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რეპრესიების შემთხვევების შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button