„აგენტების“ კანონის ძალაში დარჩენის შემთხვევაში, ესტონეთის პარლამენტი ევროკავშირთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით იმუქრება
ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) 11 ივნისს მიიღო განცხადება „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“, რომელშიც დაგმო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისა და ევროპული გზიდან გადახვევის თაობაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ კანონი არ გაუქმდება, ესტონეთი დაბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებს და ევროკავშირის მხრიდან შემდგომ სანქციებს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დაუჭერს მხარს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს, მათ შორის მის კანდიდატის სტატუსს. შემდეგ პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით და დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, საქართველომ დაარღვია ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების პაკეტში მიღწეული შეთანხმება და არ განახორციელა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმები.
„საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ებრძოლოს დეზინფორმაციასა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმებს, ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ პროცესში, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი ფუნქციონირება. ამის მაგივრად, საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოლო თვეებში საგრძნობლად გააძლიერეს რიტორიკა როგორც ევროპის, ისე ესტონეთის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მკაცრი და ყოვლისმომცველი სანქციები
ამისა და ვენეციის კომისიის მიერ კანონის აშკარა ნეგატიური შეფასების გათვალისწინებით, რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას უკან გაიწვიონ კანონი და შეწყვიტონ ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.
განცხადება ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიძიოს ოფიციალური პირებისა და კერძო პირთა საქმეები, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა გამოიყენეს, შეასრულოს თავისი ვალდებულება და ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, განახორციელოს რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად რჩება.
რიიგიკოგუ ხაზს უსვამს, რომ სანამ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, პარლამენტი საჭიროდ თვლის, რომ ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. პარლამენტი ასევე მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას განვითარების თანამშრომლობისთვის გამოყოფილი თანხები სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერიდან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მიმართოს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტალინმა ევროკავშირის საბჭოს უნდა მოუწოდოს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შესვლაზე აკრძალვა დაუწესოს. მსგავსი აკრძალვები ასევე უნდა გავრცელდეს ესტონეთში შესვლაზე.
ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობის აკრძალვა ასევე ეხება პოლიციისა და უსაფრთხოების თანამშრომლებს, ასევე მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დემონსტრანტების, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებში მონაწილეობენ. პარლამენტი მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას მსგავსი აკრძალვები დააწესოს.
რიიგიკოგუ ასევე გამოდის ინიციატივით, რომ კანონის გაუქმებამდე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შეჩერდეს.
განცხადების დასასრულს, პარლამენტი გამოხატავს პატივისცემას „მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)