skip to content
ახალი ამბები

გრიგორიადისის შეწყალების გამო პრეზიდენტი პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

31 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სხვა მინისტრები ესწრებოდნენ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამოჩენილა. ხმები, რომ პრეზიდენტი ცერემონიაზე არ მიიწვიეს, თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომელმაც ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიწვიეს, რადგანაც მან შეიწყალა მსჯავრდებული, რომელიც პოლიციელს „ცოცხლად წვავდა“.

გომალუარმა განაცხადა, რომ „უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“. შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „პოლიციელის მკვლელი“ შეიწყალა. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 2023 წელს „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დროს პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა გრიგორიადისი შეიწყალა

 „იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით“, – განაცხადა გომელაურმა.

„მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი… აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“, – დასძინა მან.

გომელაურის თქმით, ყველა ელჩი მიიწვიეს ღონისძიებაზე, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი ვერ დაესწრნენ ღონისძიებას და მათ ნაცვლად მათი წარმომადგენლები მივიდნენ.

პრეზიდენტის არყოფნის საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა: „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო“.

იმავდროულად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს კუს ტბაზე შვილიშვილთან ერთად სეირნობისას ე.წ. „ტიტუშკები“ დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია „პირველი“ იტყობინება, სულ ცოტა, ერთ მოწმეზე დაყრდნობით, რომ  მათ ხელკეტები და ჯოხები ეკავათ ხელში და პრეზიდენტს უყვიროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button