მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მთავრობამ 49%-იანი წილისთვის კერძო პარტნიორის მოსაზიდად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პროექტში 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების შესატანად 2-თვიანი ვადა ექნებათ.
„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები“, – თქვა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღესვე, კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დააზუსტა, რომ პარტნიორის შერჩევის დასრულებას მიმდინარე წლის განმავლობაში მოელის.
შემდგომი ნაბიჯები
ინტერესთა გამოხატვის პროცესის დასრულების შემდეგ, შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე გადავლენ, სადაც წინადადებების მიღება და დეტალების დაზუსტება მოხდება.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „უახლოეს ხანებში“, მთავრობა სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს და ყველა დოკუმენტის მოწესრიგებისა და განახლებული მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ სამშენებლო პროცესს დაიწყებს.
მისივე თქმით მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში კი – საგზაო და სარკინიგზო კომპონენტის მშენებლობაც.
წინაისტორია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის გარშემო უთანხმოება რამდენიმე წელია გრძელდება. პორტის აშენების ბოლო მცდელობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა – TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს მოიპოვა.
თუმცა, კონსორციუმი რიგი პრობლემების წინაშე დადგა, მათ შორის იყო ფულის გათეთრების ბრალდებები, რომლებიც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 2019 წელს წაუყენეს. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა, Conti International-მა კონსორციუმის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, რაც, მათი თქმით, პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას წარმოადგენდა.
2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კონსორციუმმა პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოზიდვა ვერ შეძლო.
ანაკლიის პორტის პროექტში 51%-იანი წილი მფლობელი რომ სახელმწიფო იქნებოდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა და თქვა, რომ პარტნიორებისა და პროექტში მონაწილე კომპანიების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდებოდა. მან გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.
პრემიერის ბრალდებებს მეორე დღესვე გამოეხმაურა კონსორციუმი და განაცხადა, რომ პრემიერმს ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე „არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა“ და მან ასევე წარმოადგინა „პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია“. კონსორციუმმა ასევე შეახსენა პრემიერმინისტრს, რომ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და რომ მას „მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/01/2022 – სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი გაამტყუნა, თუმცა მათ არ დაიჭერენ
- 30/07/2020 – „ანაკლიის კონსორციუმი“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში იდავებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)