ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 18 მარტს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. „აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45 დღიანი ვადა მიეცათ.
პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.
„ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას“, – აცხადებს სამინისტრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურები მაისში დასრულდება და პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება. „დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)