
არასამთავრობოები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებენ
ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 მაისს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. ორგანიზაციები პირობას დებენ, რომ დაიცავენ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეთა უფლებებს, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის ხმას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე საქართველოს ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. „ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს – ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!“
ორგანიზაციების თქმით, ისინი არ შეწყვეტენ ქართველების დახმარებას, იქნება ეს სამართლებრივი დახმარება, თუ წარმომადგენლობა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო სასამართლოებში, ან ფულის შეგროვება დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელად.
„ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/05/2024 – აშშ გმობს „უცხოელი აგენტების“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოო მიღებას
- 28/05/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 28/05/2024 – შარლ მიშელი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აშორებს
- 28/05/2024 – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შესაძლოა საფრთხე შეექმნას
- 28/05/2024 – ჯოზეფ ბორელი „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებაზე: ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა ვარიანტს განიხილავენ
This post is also available in: English Русский