skip to content
ახალი ამბები

სიქსტეს კაპელამ სამების ტაძრის გუნდის კონცერტს უმასპინძლა

ვატიკანში მდებარე სიქსტეს კაპელამ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს უმასპინძლა, სადაც ძველი ქართულ პოლიფონია და ახალი ქართული საგუნდო მუსიკა შესრულდა.

26 ივნისს გამართული ორსაათიანი კონცერტის დროს, გუნდმა, რომელსაც სხვა ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ, დაახლოებით, 20-მდე სიმღერა შეასრულა, მათ შორის, „კირიე ელეისონ“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“ და გია ყანჩელის მინიატურები.

კონცერტის დასასრულისკენ, საქართველოს საპატრიარქო გუნდმა სიქსტეს კაპელის გუნდთან ერთად  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II- ის მიერ დაწერილი ავე მარია შეასრულა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ვატიკანში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ.

„დღეს საღამოს, ჩვენ ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დარჩება. ჩემი დიდი მადლიერება პაპ ფრანცისკეს“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე.

„ქართული გალობის მოსმენა სიქსტეს კაპელის კედლებში ემოციური ფურცელი იყო, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებს შორის დარჩება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ჩვენ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობებში უდიდესი მომენტის მომსწრენი გავხდით“.

მანამდე, წმინდა საყდრის ნუნციომ სომხეთსა და საქართველოში, ჟოზე ბეტანკურმა განაცხადა, რომ „თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ვიზიტი ვატიკანში მნიშვნელოვანი და ისტორიული გამოვლინებაა, იმ დროს, როდესაც მსოფლიო უკრაინაში მძვინვარე ომის ტყვეობაშია, რაც ასე ახლოა საქართველოს გამოცდილებასთან, სადაც ბევრი დევნილი ადამიანის მდგომარეობა კვლავ ძალიან ღრმა და მტკივნეულ ჭრილობად რჩება“.

იმავდროულად, ვიზიტს საქართველოში გარკვეული კრიტიკა მოჰყვა იმ პირთა მხრიდან, რომლებიც ტრადიციულად სკეპტიკურად არიან განწყობილნი მართლმადიდებელ ეკლესიასა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავებისადმი. „საქართველოში რელიგიური ფაშიზმი და ფანატიზმი უნდა დამთავრდეს!“, – უპასუხა მათ გუნდის დირიჟორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა.

29 ივნისს, საქართველოს გუნდი კათოლიკოს პატრიარქის ილია II- ის ავე მარიას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეასრულებს. კონცერტს რომის პაპი ფრანცისკე და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები დაესწრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button