საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ლგბტქი+ პირთა უფლებებზე
17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აკრედიტებულმა საელჩოებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას.
„მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით“.
განცხადება მიესალმება საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედებას და აღიარებს „სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად“. თუმცა, შეშფოთებას გამოხატავს, რომ „ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა“.
ამ კონტექსტში, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. „ბოლო წლებში, მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება“.
„საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნავენ ხელმომწერები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, „საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)