skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპელ ლიდერებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

13 მაისს, საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 55-მა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა და არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდეს ევროპულ და ეროვნულ ლიდერებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობაზე. დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გადაუდებელი და გადამწყვეტი საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია ქართული დემოკრატიის რუსული სტილის ავტორიტარიზმისგან დასაცავად“.

ხაზს უსვამენ რა „აშკარა მსგავსებას“ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანონპროეტსა და რუსეთში 2012 წელს მიღებულ მსგავს კანონს შორის, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონი ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის ინსტრუმენტებს მიანიჭებს და საქართველოს ევროკავშირის გზიდან ჩამოაშორებს.

მათივე თქმით, მიღების შემთხვევაში, კანონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „მნიშვნელოვან საშუალებას მისცემს, რომ შეზღუდოს მოქალაქეთა ზედამხედველობა საარჩევნო პროცესზე, რაც აქამდე ამ მასშტაბით არასდროს მომხდარა“.  

რაც შეეხება კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „უპრეცედენტო ძალა“ გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, რაც „ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელოვან აუცილებლობას“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს – „აღიარონ საკითხის გადაუდებლობა, რადგან კანონმდებლობის მიღების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების გაუარესება შეიძლება მკვეთრად დაჩქარდეს“;
  • ევროკავშირს – „მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ქვეყანაში საარჩევნო დამკვირვებლებისა და უფლებადამცველების მიმართ ზეწოლისა და შევიწროების უკანასკნელი შემთხვევები“;
  • ევროკავშირის წევრს ქვეყნებსა და მათ წარმომადგენლებს საქართველოში – „გამოავლინონ სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ, რომელიც ქუჩაში გამოვიდა საკუთარი დემოკრატიული უფლებებისა და ევროპული მომავლის დასაცავად“;
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს – „ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველოს ქუჩებში გამოვიდნენ”.

კანონის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ევროპულ ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. ევროკომისიამ უნდა შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც მოითხოვს ხელისუფლებისგან შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომელთა შორისაა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა;
  2. ევროკომისიამ უნდა დაიცვას ევროპარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუცია და შემოიღოს შემაკავებელი ზომები ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორიცაა მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, ასევე სანქციები დააწესოს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაზე;
  3. ევროკომისიამ უნდა შეაჩეროს საქართველოს საბიუჯეტო მხარდაჭერა და მთავრობის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტების დაფინანსება;
  4. ევროპულმა ინსტიტუტებმა უნდა გაზარდონ ფინანსური მხარდაჭერა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერის ალტერნატიულ გზები გამონახონ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის მეშვეობით;
  5. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ არჩევნებზე დაკვირვების ფართომასშტაბიან და გრძელვადიან ძალისხმევას, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით.

მიუხედავად უპრეცედენტო საერთაშორისო და საშინაო წინააღმდეგობისა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიმართ, მმართველ პარტიას გადაწყვეტილი აქვს მისი მიღება. პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს უყრის კენჭს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button