პრეზიდენტი სამართალდამცველებს ძალადობისა და რეპრესიების წინააღმდეგ აფრთხილებს
12 მაისს საღამოს გამართულ ბრიფინგზე, სწორედ იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო იკრიბებიან და იქ ღამის გასათევად ემზადებიან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერს, „ქართულ ოცნებას“, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს მიმართა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით, მან განაცხადა, რომ მათი მეთოდები და მათი კანონპროექტი რუსული და მიუღებელია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც შეეხება კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ და პრეზიდენტის ვეტოს, „არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს – ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს“. მან მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ „არ გაბედონ“ მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, ძალადობა, და კონსპირაციების მოგონება. მან ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, რომ არ წამოეგონ „დაგეგმილ“ პროვოკაციებს.
საპროტესტო აქციები
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გუშინ საქართველომ „მშვიდობიანად და დამაჯერებლად“ აჩვენა მსოფლიოს, რომ „არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს! ამას ვერაფერი შეცვლის!“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომც მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე]“.
პრეზიდენტის თქმით, „ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა“ და ასევე აჩვენა, რომ „არ აქვს ხალხის და ამ რაოდენობის ხალხის მიმართ არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას აღარ აქვს, ანუ ტყუილი, მანიპულაცია, რაღაცა მიხვრა-მოხვრა, რომ შეიქმნას გაუგებრობა“. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე მოატყუა როგორც ქართველები, ისე საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც პირობა დადო, რომ კანონპროექტს ხელახლა აღარ დააინიცირებდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ტყუილზე საზოგადოების პასუხი მიიღო.
„უცხოელი აგენტების“ კანონი და პრეზიდენტის ვეტო
პრეზიდენტმა მმართველი პარტია მანიპულაციაში დაადანაშაულა და განაცხადა: „მანიპულაციაა, როცა ერთი მხრივ, რაღაც დიალოგზე საუბრობ, რაღაც ცვლილებებზე და მეორე მხრივ, არის ის, რაც ახლაც გავიგონეთ პრემიერისგან – ძალადობა, დაშინება, ტერორი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება“. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ვერავის დაარწმუნებს იმაში, რომ „ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ“.
მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან „წარმოუდგენელ შეურაცხყოფაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თვითონ შინაგანად უკვე დაშინებულები არიან. სწორედ ეს არის იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა“.
შემდეგ პრეზიდენტმა მმართველ პარტიას მიმართა: „როგორც ჩანს ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ, კი რუსულ კანონზეა საუბარი, ეს კანონი არის რუსული და ვერანაირი კითხვა – აბა, ამ კანონში რა არის რუსული, – ამას ვერ შეცვლის. ეს კანონი რუსულია, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლოა. წაიღებთ – არ წაიღებთ, შეცვლით-არ შეცვლით, რეალურად, საზოგადოების მიმართ თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები, თქვენივე ძალადობა არის რუსული. ეს ის მეთოდებია, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც თქვენ აცოცხლებთ“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიც რუსული იყო.
ვეტოზე საუბრისას პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ქართული ჯარის წინაშე მოღალატე ეძახა და აღნიშნა, რომ „ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა“. „მე ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს – ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს“, – დასძინა მან.
შემდეგ მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ ან გაიწვიოს კანონპროექტი, ან მეორე მოსმენაზე დააბრუნოს და ოპოზიციის შენიშვნებს მოუსმინოს პარლამენტში. „თქვენ თვითონვე გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა და გთავაზობთ, გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს არის თუ არა ეს კანონი რუსული, არის თუ არა ეს კანონი რაღაც სხვა კანონების გადამღერება“.
„ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა! არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიმართვა სამართალდამცველებს
სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა „არავინ გაბედოთ ის, რისი მუქარაც პრემიერის სიტყვებიდან ისმინებოდა; არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი დღე და კვირაა აჩვენა მსოფლიოს რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და პროვოკაციაზე არწამსვლელია“.
„ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ, მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, თქვენ არ ემორჩილებით კანონს, ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიმართვა აქციის მონაწილეებს
ბრიფინგის დასასრულს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა: „მინდა მოგმართოთ, რათა იცოდეთ და ეს იკითხება პრემიერის სიტყვებშიც და რამდენიმე სხვა გამოსვლაში – არის რაღაც გეგმები, (რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს), რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ“.
პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რომ „არავინ გამოგიწვიოთ პროვოკაციებში“.
პრეზიდენტმა დასძინა: „უკვე ვნახეთ რამდენად შეგნებული და მშვიდობიანი იყო ეს გამოსვლები, საქართველოს ეს საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის ღირსი ვართ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)