მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

მირზა გელოვანი – ლექსი ჯარისკაცი

გაზეთი “კომუნისტი”, 09.05.1975

კონტექსტითსვის: 1945 წლის 8-9 მაისს, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. კაცობრიობის უდიდესი ბოროტება, ნაცისტური გერმანია დამარცხდა. გამარჯვებამ მრავალი მილიონი სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ახალგაზრდა მწერალი და უფროსი ლეიტენანტი მირზა გელოვანი, რომელიც გმირულად დაეცა ბელორუსიის განთავისუფლების ოპერაცისას, სოფელ სანიკინთან, 1944 წელს .

გუშინ საქართველოს სახლემწიფო ფილარმონიის დიდ საკონცეტრო დარბაზში დიდი სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მაღალი ტრიბუნიდან ერთხელ კიდევ ამაყად გაისმა სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ჭაბუკი პოეტის მირზა გელოვანის ლექსის შთამბეჭდავი სტრიქონები.

1941 წელს სამშობლოს დამცველთა რიგებში მყოფი მგზნებარე პოეტი, რომელიც მაშინ მხოლოდ 24 წლისა იყო, თიანეთში მშობლებისა და დებისადმი გამოზავნილ ბარათში წერდა: გჯეროდეთ ჩემი, ძვირფასებო! თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს სიცოცხლეს ჩემსას… მე ვიცამ სამშობლოს, რათა მომავალი თაობები იყვნენ ჯანსაღნი, ბედნიერნი და ძლიერნი… ეს არის არის ყველაზე დიდი ომი, რაც ყოფილა დედამიწის ზურგზე. არც ჰანიბალის, არც მაკედონელის, არც ნაპოლეონის ომები ვერ შეედრებიან ამ ომის სიდიდით… არც სადმე ისეთი დიდი გული ყოფილა ქვეყნად, როგორც მე მაქვს და როგორიც აქვს ჩემს ამხანაგებს.”

მირზა გელოვანმა თავისი ცხოვრების ოცდამერვე გაზაფხული ვეღარ გაითენა, როგორც სიტყვის ოსტატმა და მებრძოლმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე, თავისი დიდი და წრფელი გული საბჭოთა ქვეყნის თავისუფლების სამსხვერპლოზე მიიტანა, მშობელი ხალხის უკვდავ ხსოვნაში მარად ჭაბუკად დარჩა, ხოლო მის ლექსებში მარადიულმა გაზაფხულმა დაისადგურა.

დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ სასიხარულო დადგენილებას, რომ მირზა გელოვანს დიდი სამამულო ომის წლებში შექმნილი ნაწარმოებებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ვფიქრობთ, კვლავაც დიდ სიამოვნებას მოვგვრით პოეტის ლექსების წაკითხვა, რომლებსაც ქვემოთ ვბეჭდავთ.

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,

უფრო შორი – გზა ბრძოლისა და მწუხარების

გახსოვს ღამე? – გავუძვერით ნაღმებს ორნი

და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.

გახსოვს დნეპრი? – მღვრიე, როგორც გათნება,

დნეპრზე მღვრიე შემოდგომის მღვრიე ქარი,

დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,

ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი,

მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,

ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,

ვეტყვ, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,

როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება,

გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული

დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,

მე ვიგრძენი საგულეში შენი გული

და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები.

1943 წელი.

ფრონტი

ნუ მწერ

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე მზე დაწვა თითქოს,

რომ საქართველო ამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,

რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,

რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,

როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,

მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,

და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,

როგორ ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისედაც ვიცი, რაგვარი

ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,

რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით

და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს

მოაქვს გულების საამო ფეთქვა,

და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,

თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –

გეტყვი რომ მოვედ ბრძოლანახული

და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,

რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,

ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

1943 წ.

მსგავსი/Related

Back to top button