ახალი ამბები

„ზოგიერთი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ – თბილისი პრაიდის განცხადება

„თბილისი პრაიდმა“ 10 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა სათაურით „ზოგიერთი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ოქტომბერში ინიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმიდან (2024-2026) ლგბტქ თემის წევრების „გარიყვას“ ეხება.

„გაზაფხულზე დამტკიცებული დისკრიმინაციული ეროვნული სტრატეგიის (2022-2030) შემდეგ, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა და ქმედებები დღითი-დღე ძლიერდება, არ გაგვკვირვებია სამწლიანი სამოქმედო გეგმიდანაც ლგბტქ ადამიანების მიზანმიმართული ამოშლა. მაშინ, როდესაც კვლავ ელემენტარული უფლებებისთვის გვიწვევს ბრძოლა, “ქართული ოცნება” ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ინსტიტუციონალიზაციას უწყობს ხელს, რითაც ცდილობს გადაფაროს რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება დგას. ხელისუფლება აწარმოებს რეგრესულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას და პირდაპირ უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვაზე“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის შესახებ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებას ეხმიანება, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ინკლუზიური სამოქმედო გეგმა განახორციელოს, რომელიც ლგბტქ თემის უფლებების დაცვასაც შეეხება. „საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება თითოეული მოქალაქისთვის“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში. „თბილისი პრაიდს“ მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ „წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების პრინციპებთან და ევროკომისიის რეკომენდაციებთან“.

„გვჯერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვიმსახურებთ თანასწორ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას. ქვიარ ადამიანების უფლებები უნდა იყოს ისევე დაცული, როგორც ყველა სხვა ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში. „ველით უფლებადამცველების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მედიის წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხრიდან პრინციპულ, თანმიმდევრულ და მკაცრ პოზიციას ჩვენი გარიყვის მორიგ, უკიდურესად მავნე მცდელობაზე. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაში დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები და ვაქციოთ ის ინკლუზიურ, ადამიანის უფლებებისა და ევროინტეგრაციის პრინციპების შესაბამის დოკუმენტად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button