მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი, 1975: სტუდენტობა კაპიტალისტურ ქვეყნებში

ახალგაზრდა კომუნისტი 14.08.1975

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

კონტექსტისთვის – 1960-70იან წლებში, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, სტუდენტების მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. ისინი მრავალ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხს აპროტესტებდნენ, მათ შორის მოითხოვნდნენ სოციალურ თანასწორობასა და უმაღლესი განათლებისადმი მეტ ხელმისაწვდომობას. საბჭოთა კავშირში, სწავლა უფასო იყო – აქედან გამომდინარე ოფიციალურად არც სოციალური დაყოფა არსებობდა. პრაქტიკაში, ქრთამის გარეშე სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა მარტივი არ იყო, რომ აღარაფერი ითქვას ელიტურ სასწავლებლებში ჩარიცხვისა, რომელშიც მხოლოდ პარტიული ნომეკლატურისა თუ მაღალი სოციალური იერარქიის ოჯახების შვილებს შეეძლოთ.

თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკურმა რევოლუციამ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში არნახულად გაზარდა განსაკუთრებული სოციალური კატეგორიის – სტუდენტობის რიცხვი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტთა რიცხვი 2.5 მილიონიდან 7 მილიონამდე გაიზარდა. ინგლისში 216 ათასიდან 418 ათასამდე, საფრანგეთში 200 ათასიდან 680 ათასამდე, თანამედროვე ეტაპზე ევროპის უნივერსტიტეტები ყოველწლიურად 5-ჯერ მეტ სპეციალისტს უშვებენ, ვიდრე 30-ან წლებში.

მაგრამ მიუხედავად ამისა უმაღლესი განათლების მიღება მუშათა და გლეხთა კლასის ფენებიდან გამოსულთათვის დღემდე რჩება სერიოზულ პრობლემად. სწავლების მაღალი ღირებულება, სასკოლო სისტემის არადემოკრატიული ხასიათი მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ამ კატეგორიის ახალგაზრდებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

„იუნესკოს“ მონაცემებით, 1970 წელს უწიგნურთა საერთო რიცხვა მსოფლიოში 783 მილიონი კაცი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 34,2 პროცენტი შეადგინა. მაგალითად თურქეთში 100-დან 25 კაცი წერა-კითხვის უცოდინარია, სასკოლო ასაკის მილიონნახევარ ბავშვს სკოლაში შესვლის საშუალება არა აქვს, ყოველი 1000 ბავშვიდან დაწყებითი სკოლის დამთავრებისას მხოლოდ 27-ს აქვს შესაძლებლობა სწავლის გაგრძელებისა და აქედან მხოლოდ 9 მოსწავლე ხვდება ლიცეუმში, დანარჩენი უმნიშვნელო ჯგუფი, იღებს უმაღლეს განათლებას.

ამერიკის შეერთებულ შტატების სტუდენტობის 60 პროცენტი მსხვილი ბურჟუაზიის წრიდანაა, 20 პროცენტი – წვრილი ბურჟუაზიიდან მხოლოდ 20 პროცენტია მუშათა ოჯახიდან.

მუშათა შვილების რაოდენობა სტუდენტთა საერთო რიცხვიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლეს სკოლებში მხოლოდ 6 პროცენტია, საფრანგეთში 10, იტალიაში 15, ბელგიაში 11,5, ჰოლანდიაში 10. […] ასეთი ცვლილებები გამოწვეულია არა კაპიტალისტების კეთილი ნება-სურვილიდან არამედ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის მდგომარეობიდან. […] კადრების მომზადება მხოლოდ მაღალი გამოსულთა ხარჯზე შეუძლებელია.

ეს ცვლილება გამოწვეულია აგრეთვე, მუშათა კლასისი მრავალწლიანი ბრძოლებით, რომლის დროსაც ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მუშის შვილებს მიეცეთ სწავლის შესაძლებლობა.

უნივერსტიტეტის „პრობლემა, – წერს ესპანური ჟურნალი „მუნდო“ – სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის გამოხატულება…. ჩვენს დროში საზოგადოებას არ შეუძლია შეურიგდეს ისეთ მდგომარეობას როგორიც ბარსელონაშია – მუშათა კლასის ცენტრში მათ შვილები მთელი სტუდენტობის მხოლოდ 1.6 პროცენტს შეადგენენ“.

„ძალიან ბევრ უნარიან მოსაწავლეს არ შეუძლია შევიდეს ინსტიტუტში, ან გააგრძელოს სწავლა ფინანსური სიძნელის გამო“, – აღნიშნულია ამერიკის ოფიციალურ ცნობარში „განათლება აშშ-ში“. ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტობის თითქმის ერთი მესამედი სწავლის მაღალი ღირებულების გამო მესამე კურსამდე სტოვებს ინსტიტუტებს, იტალიაში სტუდენტების ორი მესამედი ანებებს თავს მატერიალური საშულებების უკმარობის გამო, საფრანგეთში ინსტიტუტში ჩარიცხულთა მხოლოდ ერთი მეხუთედი ამთავრებს მას. კაპიტალისტების ხელში, უნივერსტიტეტი დაყვანილია მონოპოლიებისათვის ცოდნის და იდეის მიწოდების წყაროდ, ისევე როგორც მატერიალური წარმოების სხვა სფერო აწვდის მონოპოლიას დაზგებს, ავტომანქანებს, ფეხსაცმელებს და ა.შ. ამის შესახებ კალიფორნიის უნივერსტიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა: „უნივერსტიტეტის გამოყენება დაკავშირებულია  თანამედროვე ხელისუფლების სტრუქტურასთან. ბიზნესის საზოგადოებაში უნივერსტიტეტს არ შეუძლია დაემსგავსოს სხვა სამრეწველო საწარმოს. არის რკინიგზები, მეტალურგიული ქარხნები, ძეხვეულის ფაბრიკა, არის აგრეთვე ცოდნის ფარბიკა, რომლის როლი იმაში გამოიხატება, რომ ემსახუროს სხვა საწარმოს და სახელმწიფოს“.

იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ თანამედროვე კაპიტალიზმის პირობებში უნივერესტიტეტები გადაიქცნენ  „ცოდნის ფაბრიკებად“, მოვიყვანთ ასეთ მაგალითს: 1970 წელს მილანის ბოკონის სახელობის უნივერსტიტეტში, რომელსაც ფლობს იტალიის მრეწველთა კონფედერაცია, მიიღეს გადაწყვეტილება ლინგვისტიკის ფაკულტეტის, როგორც არარენტაბელური ფაკულტეტის დახურვის შესახებ, ისევე როგორც ხურავს კაპიტალისტი ფაბრიკას ან შახტს, რომელიც მოგებას არ იძლევა და მუშებს ქუჩაში აგდებს. სტუდენტმა ლინგვისტებმა დაიწყეს ბრძოლა თავისი ფაკულტეტისთვის. მათ დაიკავეს შენობა და ბრძოლა გაუმართეს პოლიციას, რომელიც კაპიტალისტების ინტერესების დამცველი გამოვიდა. […]

უნივერსტიტეტები ამზადებენ ისეთ სპეციალსიტებს რომლებზედაც მუშათა ბაზარზე მოთხოვნა არ არის. ეს იწვევს „ინტელექტუალურ უმუშევრობის“ გაჩენას. 1968 წელს იტალიაში სკოლებისა და უნივერსტიტეტების 325 ათასმა კურსდამთავრებულმა ვერ იშოვა სამუშაო, ხოლო ესპანეთში დიპლომიანი სპეციალისტების 40 პროცენტმა. […]

კაპიტალისტური ქვეყნების სტუდენტობა დისკრიმინაციას განიცდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. მაღალი ასაკობრივი, საარჩევნო, ქონებრივი ცენზი და სხვა ართმევს ხმის უფლებას არჩევნებში, უკრძალავს ახალგაზრდა თაობას კონსტიტუციურ უფლებებს. იტალიაში უკანასკნელი ხანებამდე არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ 25 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს. მრავალი წლის ბრძოლამ რეაქციული ძალების წინააღმდეგ, მთავრობა იძულებული გახადა არჩენებში მონაწილეობის უფლება მიეცა 18 წლის ახალგაზრდებისათვის.

[…]

სოციალისტური ქვეყნების მიღწევები, სოციალისტური ბანაკის სტუდენტთა მდგომარეობა, ფართო პერსპექტივები  რომელთაც სთავაზობს სოციალისტური სისტემა სტუდენტობას, კაპიტალის ქვეყნების ახალგაზრდობას მოუწოდებს ბრძოლისაკენ, მთელი მსოფლიოს პროგრესული ახალგაზრდული ძალების მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისაკენ, საერთაშორისო სოლიდარობისა და ურთიერთთანამშრომლობისაკენ.

ბ.კალანდია

მსგავსი/Related

Back to top button