skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1979: სსრ კავშირ – ფინეთის ახალგაზრდობის ფესტივალი თბილისში

რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

ტრადიცია გრძელდება

გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” 07.07.1979

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

იმ დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო კავშირგაბმულობის [დღევანდელი რუსთაველი გამზირი N12-ში მდებარე შენობა] სააქტო დარბაზში: აქ 4 ივლისს გაიხსნა ფინეთ-საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ფესტივალი. საბჭოთა დელეგაციაში, რომელსაც მეთაურობს სსრ კავშირის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე .ბუდარინი, შედიან მოსკოვისა და ლენინგრადის, მოკავშირე რესპუბლიკების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავენი, სტუდენტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. ფინელი ახალგაზრდობის წარმომადგენლებს მეთაურობს ფინეთის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ო.მარტიკაინენი:

“თბილისის შეხვედრა – ესაა დიალოგი დაძაბულობის შენელებისა და თანამშრომლობის გაღრმავებაში საზოგადოებრიობის როლის შესახებ, სამი ძირითადი მიმართულება: საზოგადოებრივი ძალები საერთაშორისო ურთიერთობის გარდაქმნაში და დემოკრატიზაციის პროცესში; საერთაშორისო დაძაბულობის შენელება და თანამშრომლობა. წარმატებანი და პერსპექტივები; […]

ფინეთ-სსრ კავშირის ახალგაზრდობის მეგობრობის მეორე ფესტივალისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს ხსნის საქართველოს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი .თალაკვაძე. შემდეგ შეკრებილთა წინაშე გამოდის საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე .შუბლაძე. – დღევანდელი ფესტივალი, ამბობს .შუბლაძე – მეორე მოსავლის მომკაა. პირველი ჭირნახული ქვეყნის ახალგაზრდობამ ფინეთში მოიწია და იქიდან მოყოლებული უფრო გამდიდრდა, აივსო, გაძლიერდა და განმტკიცდა. შემთხვევითი არ არის, რომ მეორე ფესტივალი თბილისში ტარდება. საბჭოთა და ფინელი ახალგაზრდობის ფესტივალის მოწყობის იდეას ხომ სწორედ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი. და აი, დღეს ეს დარბაზი სავსეა ჩვენი ორი ქვეყნის სანიმუშო ახალგაზრდებით, სიხარულით, მეგობრობის სულისკვეთებით.

[…] ტრიბუნაზეა ფინეთის ახალგაზრდული ცენტრის კავშირის თავმჯდომარე ესკო ახო: […] “პირველი ფესტივალი რომელიც ფინეთში ჩატარდა, ღირსსახსოვრად თარიღს – დიდი ოქტომბრისა და ფინეთის დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავებს დაემთხვა. დღევანდელი კი – ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სსრ კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვენაში დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ჭეშმარიტად დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩუნებისათვის. […] ოლავი მარტიკაინენი – ფინეთის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო საბჭოთა თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელი: – ჩემი შთაბეჭდილება მინდა იმით დავიწყო, რომ ძალზე ნიშანდობლივია ფესტივალის პროგრამაში თქვენი შესანიშნავი რესპუბლიკის დედაქალაქის შეტანა, – საქართველოს კომკავშირს, საქართველოს ახალგაზრდობას ხომ მრავალი წელია არსებითი წვლილი შეაქვს ფინეთისა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის მეგობრობის განვითარებაში. სამი წლის წინათ თქვენს რესპუბლიკაში ჩაეყარა საფუძველი იდეას ფინეთ-საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ფესტივალის მოწყობის შესახებ. პირველი ფესტივალი წარმატებით ჩატარდა ფინეთში, ცხადყო ჩვენი კეთილმეზობლური ქვეყნების ახალგაზრდობის სულისკვეთება, მეგობრობა, ძმობა. და აი, ახლა მეორე ფესტივალს საბჭოთა კავშირი მასპინძლობს, აქედანვე შეიძლება დაბეჯითებით განვაცხადო, რომ ფესტივალის შედეგები ფუნდამენტური იქნება, ხოლო რეზონანსი ფართო და მრავლისმეტყველი. […] მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო თქვენი რესპუბლიკის კომკავშირელებს, ახალგაზრდობას, მთელ ქართველ ხალხს, თბილისელებს. გმადლობთ, მომავალ შეხვედრამდე!

მალხაზ ნოზაძე – ლენინის სახელობის თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის IV საამქროს ზეინკალი: – დღეს ფინეთ-საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალის მეოთხე დღეა, შთაბეჭდილებები იმდენად ბევრია და მრავალფეროვანი, თითქოს მთელი წელია მიმდინარეობსო. როდესაც ქარხნის კომკავშირის კომიტეტში მითხრეს, მეგობრობის ფესტივალში მონაწილეობა უნდა მიიღოო, უზომოდ გამიხარდა, ხალისი მომემატა. ფესტივალზე ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, როგორც ფინეთიდან, ისე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან. სწორედ ეს უშუალო კონტაქტები, გამოცდილების გაზიარება, საქმიანი სჯა-ბაასი მიმაჩნია ფესტივალის ერთ-ერთ უპირველეს სიკეთედ.

Back to top button