მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

რატომ ვერ შენდება სკოლა ლამბალოში

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი, 29.05.1975

რედაქციისგან: გაზეთი “ ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

საგარეჯოს რაიონში, ივრის ზეგანზე, არის ერთი საკმაოდ მოზრდილი სოფელი ლამბალო. ჩვეულებრივი დასახლება გახლავთ, ხალხიც ჩვეულებრივი, შრომისმოყვარე ცხოვრობს ამ სოფელში. ესაა მხოლოდ – უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, უჩვეულოო რომ ვამბობთ, აქ საშუალო სკოლის შენობასთან დაკავშირებით დღემდე გადაუჭრელი პრობლემა დგას. ჯერ იყო და, თითქმის, საექსპლუატაციოდ გადასაცემი შენობა, ჩამოინგრა, მერე კი… მაგრამ მოდით ყველაფერს ერთბაშად ნუ ვიტყვით და ზოგი რამ საქთმელი წერილში საგზლად გავიყოლოთ.

რაიონული ცენტრიდან, საკმაო მანძილით დაცილებულ სოფელში ჩასვლა მაინც და მაინც არავის გაკვირვებია. სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს მრავალი სტუმარი ჰყავს სოფელს. აქ ხშირად ნახავთ რაიონის პარტიულ, კომკავშირულ და სამეურნეო ხელმძღვანელებს, რომლებიც სკოლის მშენებლობის ყოველდღიური საქმის კურსში არიან. […]

ადგილობრივებმა […] რაიონის განათლების გამგესთან ნ.ჭანტურიასთან ერთად მეგზურობა შემოგვთავაზეს. სოფლის მოქმედი სკოლა, ესაა ერთმანეთისგან დაცილებული 18 პატარა სახლი, რომელსაც არც ელექტროგაყვანილობა აქვს და არც იატაკი. თითოელი ასეთი შენობა შედგება ერთი ნახევრად ბნელი ოთახისგან, სამერცხულივით დატანებული ერთი ფანჯრისაგან და ანჯამებზე მოჭრიალე გაცვეთილი კარისგან. […] მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ თვრამეტ მინი-საკლასო ოთახში, სამასი მოსწავლე თუ დაეტევა, სოფელში კი სკოლამდელი ასაკის მოზარდების რიცხვი სამჯერ მეტია. […]

ამ მტკივნეული საკითხის გადასაჭრის იდეა და ჩანაფიქრი კარგა ხნის წინ დაიბადა, ხოლო ორი-სამი წლის წინ პირველი სერიოზული ნაბიჯებიც გადაიდგა. […] განათლების სამინისტროს დაკვეთით საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს, საგარეჯოს N-3 მოძრავ-მექანიზირებულმა კოლონამ სკოლის შენობის აგება დაიწყო.

[…] მშენებარე სკოლა, ექსპირემნტული გახლავთ, იგი დაახლოებით ცხრაასამდე მოსწავლეზეა გაანგარიშებული და მთლიანად კაბინეტურ მუშაობაზე გადასვლას ითვალისწინებს. შენობას ექნება უახლესი სასკოლო ინვენტარით მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები და ჩინებული სპორტული დარბაზი.

გასულიწლის ივლისისთვის თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ… მოულოდნელად შენობის მარცხენა ფრთა ჩამოინგრა, დანგრევის მიზეზები დამაფიქრებელი იყო. […]

საინტერესოა, მაგრამ იგივე N3 მოძრავ-მექანიზირებული კოლონა საგარეჯოს რაიონში მეფრინველეობის ფაბრიკის კომპლექსს აშენებდა თავის დროზე. იგი ჯერ კიდევ გასულ ხუთწლედში უნდა ამოქმედებულიყო მაგრამ მშენებლობის ხარისხისა და ტემპის გამო, მიმდინარე ხუთწლედში მისი ამოქმედება სრული სიმძლავრით ვერ მოხდა. დასაფიქრებელი იყო რომ სათანადოდ იმსჯელებდნენ N3 მოძრავ-მექანიზირებულi კოლონის ხელძმღანელისადმი, მაგრამ მოხდა ისე რომ მის ყოფილ უფროსს მ.ჩხენკელს, მეტად დიდი ნდობა გამოუცხადეს და ამჯერად დმანისი რაიონის N54 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარი ინჟინრად დანიშნეს. სასჯელის ჩინებული ფორმაა არა?

რა მოხდა ამ ფაქტის შემდეგ ლამბალოში?

სკოლის მშენებლობა N36-ე კოლონის ხელში გადავიდა და მისი დამთავრება გეგმით მიმდინარე წლის ივლისშია გადაწყვეტილი. […] როგორც განათლების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, ჩატარებული სამუშაოთა ხარისხი დამაკმაყოფილებელი არაა. […] სკოლის მშენებლობის უხარისხობაში დასარწმუნებლად სულაც არაა საჭირო ამ საქმის სპეციალისტობა. საკმარისია გაულესავ კედლებს შეახოთ ხელი, რომ ახალ, უჩვეულო მარკის „დუღაბს“ აღმოაჩენთ. ერთი სიტყვით, ნაკლს იმდენს ნახავთ მშენებლობაზე, აღნუსხვა გაგიჭირდება. […]

თუ, N36 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის უფროსს კ.ჯიბღაშვილს დავუჯერებთ, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, საგარეჯოს საშენ მასალათა ქარხნის მიერ მიწოდებული უხარისხო პროდუქციაა. ამას, არც მრეწველობის სამინისტროში მალავენ (საგარეჯოს საშენ-მასალათა ქარხნის პროდუქციის გაუმჯობესებას რა ხანია საშველი არ დაადგა), მაგრამ ეს როგორც უკვე ვთქვით მშეებლობის შეფერხების ერთი მიზეზია. დანარჩენი ხარვეზები კი თავად მშენებლების უგულისყურობაში უნდა ვეძიოთ. […]

როდის ჩაბარდება სკოლა საექსპლუატაციოდ, მოესწრება თუ არა ახალი სასწავლო წლისთვის მშენებლობის დამთავრება? – ამ კითხვაზე N36 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მუშაკები დადებით პასუხს იძლევიან, მაგრამ როცა ობიექტზე, ყოველდღიურად არ იგრძნობა მშენებლობის აჩქარებული მაჯისცემა, როცა ჩამორჩენის დასაძლევად მთელი ძალები არაა მობილიზირებული, ძნელია ენდო ასეთ ოპტიმიზმს. გულდასაწყვეტი სწორედ ესაა.

ბ.ქოქიაშვილი

(ჩვენი სპეც.კორე.).

საგარეჯო

რედაქციისგან: უცნობია თუ რომელ წელს დასრულდა სკოლის მშენებლობა, მაგრამ ცნობილია რომ სკოლა 2006 წელს ამორტიზირებულად გამოცხადდა და სწავლა შეწყდა – საბოლოოდ ის დაანგრიეს. სოფელი, 7 წლის განმავლობაში, სკოლის გარეშე იყო. სასწავლო პროცესი კი ოჯახებში  მოწყობილ საკლასო ოთახებში გაგრძელდა, ასევე სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშიც, მათ შორის ბოსელში (წყარო: სკოლა ბოსელში, Humanrights.ge). 2016 წელს, სოფელმა, საბოლოოდ მიიღო ახალი სკოლა.

მსგავსი/Related

Back to top button