მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ჩინეთი: ახალგაზრდა თაობის ტრაგედია

ჩინეთი: ახალგაზრდა თაობის ტრაგედია

გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” 05/07/1975

რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

კონტექსტისთვის: საბჭოთა კავშირში, დე-სტალინიზაციის შემდგომ, ჩინეთთან ურთიერთობები დაიძაბა. მაო ძე-დუნის ჩინეთი, სტალინის იდეებისადმი ერთგული დარჩა. ცოტახანში, ორ კომუნისტურ ქვეყანას შორის, ურთიერთობები ძალიან გამწვავდა და საქმე ჩინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე პირდაპირ საბრძოლო დაპირისპირებამდეც კი მივიდა.

ჩინეთის კულტურული რევოლუცია იმ იდეოლოგიურ და სოციალურ კამპანიის ლოზუნგია, რომელიც მაო ძე-დუნმა 1966-77 წლებში, ჩინეთში აწარმოა. პოლიტიკის შედეგად, განადგურდა იდეოლოგიური მოწინააღმდეგენი, ასევე დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ყოფას.

მაო ძე-დუნმა ჩინელ ხალხს უწოდა „ქაღალდის სუფთა ფურცელი, რომელზეც შესაძლებელია დაიწეროს ყველაზე ახალი, ყველაზე ლამაზი სიტყვა“. მაოისტები ცდილობენ ასეთ „სუფთა ქაღალდად“ გადააქციონ ჩინელი ახალგაზრდობაც. ყბადაღებული „კულტურული რევოლუციის“ დროა მაო ძე-დუნის ჯგუფმა გამოიყენა მოტყუებული ახალგაზრდა თაობა როგორც დამკვრელი ძალა თავის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. როგორც კი ახალგაზრდებმა შეასრულეს თავისი საქმე, მაოისტებმა ისინი უცერემონიოდ მოაშორეს პოლიტიკურ ასპარეზს.

„კულტურულმა რევოლუციამ“ დამღუპველად იმოქმედა ახალგაზრდობაზე  -დანერგა მათ შორის პესიმისტური განწყობილება, რევოლუციური იდეალებისადმი ნიჰილიზმი, ჭაბუკებმა და ქალიშვილებმა, ვერ მიიღეს მაოისტთა დაპირება სახელმწიფო და სამეურნეო ორგანოების მუშაობაში მონაწიელობის თაობაზე, ვერ შეისრულეს წადილი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და განათლების დონის ამაღლების მხრივ, რასაც გულუხდვად პირდებოდნენ მაოისტები ახალგაზრდებს.

„ხუნვეიბინები“, რომლებიც ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი თავდაპირველად „რევოლუციურ კომიტეტებში“, ადვილად ჩამოიშორეს იმ მოსაზრებით, რომ მათ არ ჰქონდათ ხელმძღვანელი მუშაკის გამოცდილება.

„კულტურული რევოლუციის“ აქტიური მონაწილე ხუნვეიბინები [ჩინეთში კულტურული რევოლუციის დროს მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება] უსწავლელნი დარჩნენ. თვით ახლანდელ მოზარდ თაობასაც პრაქტიკულად ჩამორთმეული აქვს უმაღლეს სასწავლებლებში შესვლის შესაძლებლობა […] „კულტურულმა რევოლუციამ“ განათლების სფეროში არასახარბიელო კვალი დასტოვა. ეს არც უკვირთ, მაოისტები იმით ხელმძღვანელობენ, რომ, რაც უფრო ნაკლებად იქნება განათლებული ხალხი, მით უფრო ადვილია მისი ხელმძღვანელობა ამიტომ, ბუნებრივია ისინი ხელოვნურად ამუხრუჭებენ სახალხო განათლების საქმეს. […] ამასწინად, სინხუას სააგენტომ საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ მოეწყობიან რა უნივერსტიტეტებსა და ინსტიტუტებში, ჩინელი ახალგაზრდები სრულიად არ ფიქრობენ დიპლომის ან ცოდნის მიღებზე, ისინი ცდილობენ იყვნენ მხოლოდ მაო ძე-დუნის საბრძოლო იდეალების მსახურნი. პეკინის რადიო ერთ-ერთ თავის გადაცემაში შანხაის დაზგთმშენებელ ქარხანასთან არსებული უმაღლესი სკოლის შესახებ აცხადებდა რომ იქ „დაუცხრომლად აკრიტიკებენ ბურჟუაზიას, აგრეთვე ისეთ რევიზიონისტულ საქმეს, როგორიცაა ტექნიკისა და გონებრივი განვითარების წინა რიგებში წამოწევას.“ […] მაოისტებს არ შეუძლიათ ახალგაზრდობის შრომითი მოწყობა, მათი კვებითა და ბინით უზრუნველყოფა. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 1968 წლიდან მიმდინარეობს ქალაქებიდან სოფლებსა და ქვეყნის სხვა რაიონებში მოზარდი და ახალგაზრდა თაობის მუდმივი გასახლების კამპანია. ეს მოვლენა მასობრივ ხასიათს იღებს 1968 წლიდან, ჯოუენ ლაის განცხადების თანახმად, სულ 10 მილიონამდე კაცია გასახლებული. […] სოფლებში ჩასახლებული ახალგაზრდობა არ კითხულობს გაზეთს, არ სწავლობს  და არ ინტერესდება პოლიტიკით. ყველაფერი უკუღმართობისკენ ეწევა ახალგაზრდობას, გამოჩდნენ ხულიგანთა ჯგუფები, მცირეწლოვანთა ბანდები, რომლებიც ეწევიან მკვლელობებს.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან გოგოები, ისინი მიშვებულია თავიანთ ნებაზე, რაც ზრდის პროსტიტუციის შემთხვევებს. […]

ახალგაზრდობა, ისე, როგორც მთელი ჩინელი ხალხი, ამჟამად ტრაგიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ მაოიზმი არაა მუდმივი მოვლენა…. დადგება დღე როცა ჩინელი ხალხი და მისი ახალგაზრდა თაობა დაუბრუნდებიან ნამდვილ სოციალისტურ მშენებლობას თავიანთ ქვეყანაში.

მ.იაკოვლევი

(საკდესი)

მსგავსი/Related

Back to top button