skip to content
ახალი ამბები

აშშ: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი არ უნდა გახდეს ძალადობრივი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ ის „ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან“. მან მხარდაჭერა გამოხატა მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან მიმართებით და დაგმო ნებისმიერი ქმედება, რაც ამ პროტესტს ძალადობრივად აქცევს.

ჟურნალისტის მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრესსპიკერის მოადგილემ განაცხადა: „ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში გულისხმობს ხალხის მშვიდობიანი პროტესტისა და დემონსტრაციის უფლების გამოხატვას. ჩვენს მოწოდებად კვლავ რჩება, რომ აქცია მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ სახის საპროტესტო აქციების ძალადობრივად გარდაქმისკენ იქნება მიმართული“.

შემდეგ მან განაცხადა: „კვლავაც მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ქმედება ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ საუბარია იმაზე, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და სხვა”, – განაცხადა პატელმა.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დააანონსა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button