ადვოკატები „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 15 აპრილს გამართულ აქციაზე პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა რამდენიმე მომიტინგე და დაკავების შემდეგ სამართლებრივი დაცვის უფლება შეუზღუდა, განაცხადეს დაკავებულთა ადვოკატებმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
პოლიციამ 15 აპრილის ღამეს 14 პირი დააკავა, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ და რომელთაც, შსს-ს თქმით, „დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„პოლიციის მხრიდან გაფრთხილება, რომ დაშლილიყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, თავისთავად იყო უკანონო, ვინაიდან იმ დროს არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ აქცია დაშლილიყო და არ შეიძლება ადამიანების შეკრების თავისუფლება შეეზღუდოს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ. „შემდეგ მოხდა რამდენიმე ადამიანის სრულიად უსაფუძვლოდ დაკავება და მათი უფლებების დარღვევა, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვეძებთ პრაქტიკულად დაკავებულებს, ვცდილობთ შევხვდეთ და მათ ერღვევათ ადვოკატის ყოლის უფლება“. მისი თქმით, ამ დრომდე ყველა მათგანის ადგილმდებარეობა უცნობია.
კიდევ ერთმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია დაკავებულთა სამართლებრივი დაცვის უფლება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველსაც მივმართეთ, მაგრამ დღემდე საჯაროდ არ დაუფისქირებია პოზიცია და არ უთქვამს, რომ ადვოკატებს უზღუდავენ დაცვის უფლებას“. მისი თქმით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იკვეთება პოლიციის მხრიდან.
„ისევ გრძელდება ის ცუდი ტრადიცია, რაც აქვს შსს-ს, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითქმის არ გვქონდა ინფორმაცია სად არიან დაკავებულები. არ მოგვეცა შანსი, ისინი გვენახა პოლიციის განყოფილებებში“, – განაცხადა ადვოკატმა თეო ზაქარაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან“. „ისინი იყვნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები და ჯერჯერობით რაც გვაქვს ინფორმაცია, არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ“.
განახლება: დაკავებულები სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს, მათ შორის დაკავებისას. გავრცელებული ინფორმაციით, ცემაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძეც მონაწილეობდა.
„სხვა დაკავებულებიც ყველანი აღნიშნავენ რომ მათზე მოხდა ძალადობა. ზოგი აღნიშნავს, რომ დაკავების დროს და ზოგი კი, აი უკვე როდესაც შეიყვანეს ე.წ. კორიდორში …იქ ურტყამდნენ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
სახალხო დამცველის განცხადება
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. „დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“.
გასული წლის მარტის მასობრივი აქციების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა, რომელთა თქმითაც, ეს საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის და მის დემოკრატიას დაანგრევს.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/04/2024 – პროტესტის ფონზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
- 15/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საზოგადოების გამოხმაურება მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)