სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა 5 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვით და ასევე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის სამოქალაქო აქტივისტები ხაზს უსვამენ, რომ უცხოური გავლენის კონცეფცია ისტორიულად დაკავშირებულია „შეთქმულების თეორიებთან, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უდანაშაულოთა დევნისთვის, რის შედეგადაც, ჩვენი ერები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ“. მათი თქმით, როდესაც დემოკრატიას თავს ესხმიან, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიის მხარდამჭერი ძალები გაერთიანდნენ და წინ აღუდგნენ მისი დასუსტების მცდელობებს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი მწუხარებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ამავდროულად აღფრთოვანებულები არიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცით. „თავისუფლება ღრმად და არსებითად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებებში და ისტორიის ყველაზე მძიმე მომენტშიც კი მისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/04/2024 – ჰელსინკის კომისია: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟია
- 05/04/2024 – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „მტრული ნაბიჯია“
- 05/04/2024 – გერმანია: „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობას საფრთხეს უქმნის
- 05/04/2024 – ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, გააკონტროლოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შესაბამისობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან
- 05/04/2024 – მეთიუ მილერი: ‘ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს’
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)