ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და გენდერული კვოტების გაუქმებას გმობს  

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში 9 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და ასევე „წუხილს“ გამოთქვამს პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების გამო.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, „გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“.

იხსენებს რა თავის 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, როდესაც კანონპროექტი პირველად იქნა ინიცირებული, გაეროს წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.

„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას“.

რაც შეეხება სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებას, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ „დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.“

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button