ეუთო/ოდირი: პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება „არ შეესაბამება“ საქართველოს ვალდებულებებს
1 ივლისს ეუთო/ოდირმა პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ მოსაზრება გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირი საქართველოს პარლამენტს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით ალტერნატიული ზომები არ წარმოადგინა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უკუსვლაა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს პარლამენტმა 4 აპრილს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება მმართველ პარტიას „ქართულმა ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „გირჩს“ შორის, რომლის ფარგლებშიც მმართველი პარტია მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. სანაცვლოდ, „გირჩი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემს ხმას. 15 მაისს, პარლამენტმა ცვლილებებზე პრეზიდეენტის ვეტო დაძლია. ეუთო/ოდირის მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნით მომზადდა.
„საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების ან სხვა აღიარებული მექანიზმების შემოღების გარეშე, ეს წარმოადგენს უკუსვლას საქართველოში გენდერული თანასწორობის წინსვლისთვის, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს ვალდებულებებს, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას მოითხოვს“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
ეუთო/ოდირის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ გენდერულმა კვოტებმა ხელი შეუწყო საქართველოში გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკური გარემოს შექმნას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტს კვოტების გაუქმების გასამართლებლად „არავითარი მტკიცებულება“ არ წარმოუდგენია.
მოსაზრების თანახმად, მიუხედავად სავალდებულო გენდერული კვოტებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისებისა, რომ სიებში მეტი ქალი შეეყვანათ, საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსი ეუთოს სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია და არ შეესაბამება საერთაშორისო და რეგიონულ მაჩვენებლებს.
კონსტიტუციური თვალსაზრისით, ეუთო/ოდირის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ გენდერული კვოტების გაუქმება „არ შეესაბამება“ უთანასწორობის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას. მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ალტერნატიული მექანიზმის არარსებობა პარლამენტის გადაწყვეტილებას „განსაკუთრებით შემაშფოთებელს“ ხდის.
გარდა ამისა, ეუთო/ოდირის მოსაზრება ცვლილებების მიღების პროცესში პროცედურულ ხარვეზებზეც მიუთითებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და მათთან კონსულტაციების გარეშე, ასევე მოახლოებულ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იქნა მიღებული.
რეკომენდაციები
კანონშემოქმედების პროცესთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს:
- უზრუნველყოს, რომ გენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი მომავალი ცვლილების მიღებამდე განხორციელდეს ზემოქმედების შეფასება და კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან;
- თავის შეიკავოს კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებისგან, თუ ის ნამდვილად გადაუდებელი არ არის.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისთვის გენდერულ კვოტებსა და ფინანსურ წახალისებას, ეუთო/ოდირი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას:
- მიიღოს ეფექტური დროებითი სპეციალური ზომები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად (ერთ-ერთ ვარიანტად ასევე რეკომენდებულია ქალთა კვოტების ხელახალი შემოღება);
- შეიტანოს დებულება საარჩევნო კოდექსში, რომელიც განმარტავს პირობებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქალთა კვოტების გაუქმება ასეთი კვოტების ხელახლა შემოღების შემთხვევაში;
- ხელახლა შემოიღოს პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისების მექანიზმები, პარტიულ სიებში ქალ წევრთა შესაყვანად;
- განიხილოს დამატებითი საკანონმდებლო თუ სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაბალანსებულ და მრავალფეროვან წარმომადგენლობას პოლიტიკურ პარტიებში;
- განიხილოს ალტერნატიული მექანიზმების მიღება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად იმ შემთხვევაში, თუ ქალთა სავალდებულო კვოტები არ იქნება ხელახლა შემოღებული.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)