ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და არასამთავრობოებს აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ის თავიდან ბოლომდე გამართულია და ითვალისწინებს მხოლოდ წლიურ დეკლარირებას ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შესაბამის მედიასაშუალებებს“. კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები factcheck-ი და „მითების დეტექტორი” გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, სოციალურ მედიაში კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ მასალაზე „ცენზურას ახორციელებენ“.

„თუ აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები. თუმცა, მეორედ ამას, დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც სიცრუეა. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე… გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსებისა, რომელსაც ხარჯავენ“, აცხადებს კობახიძე და დასძენს, რომ ისინი არ ამჟღავნებენ მიღებული ფინანსების მიზანს და წყაროებს. მისივე თქმით, მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი სოციალურ მედიაში, კერძოდ, Facebook-ში ცენზურასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ცენზურას ახორციელებენ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები – factcheck-ი და „მითების დეტექტორი”“. მას მხედველობაში ჰქონდა Facebook-ის მიერ „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის „მცდარ ინფორმაციად“ ცნობა. „საინტერესოა, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოჰყვა ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს, ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button