ახალი ამბები

პრეზიდენტმა ელჩებთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ.

კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – „ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!“ პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია,  ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს“.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი აპირებს თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენებას და, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მისთვის ვეტოს დადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ  გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. გადაწყვეტილებას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button