ახალი ამბები

2024 წლის მარტში წლიური ინფლაცია 0.5% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის მარტში წლიური ინფლაცია 0.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.01%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (8.1%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (4.5%-იანი ზრდა); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.4%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (0.8%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (1.5%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასების კლება მარტში დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%); ბოსტნეული და ბაღჩეული (-15.3%); პური და პურპროდუქტები (-8.9%); რძე, ყველი და კვერცხი (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.7%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.8%); ყავა, ჩაი და კაკაო (2.1%); თევზეული (1.3%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button