მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი ლელო, 1981 წელი: სანუკვარი ჯილდო!

სანუკვარი ჯილდო!

გაზეთი ლელო, 14.05.1981

რედაქციისგან: გაზეთი “ ლელო” საქართველოს  სსრ საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტისა და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო.“

ისტორიული კონტექსტი

1981 წლის 13 მაისს, თბილისის დინამომ, ფინალურ მატჩში, 2:1 დაამარცხა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის „კარლ ცეისი“ და მოიგო თასების მფლობელთა თასი. ტურნირი, ის ყველაზე მაღალი დონე იყო, რომელშიც საბჭოთა კლუბები იღებდნენ მონაწილეობას, მეორე მხრივ, ევროპაში, პრესტიჟით მცირედით თუ  ჩამოუვარდებოდა ჩემპიონთა ლიგას. თავის მხრივ, თბილისის დინამო, არ იყო მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, არამედ როგორც ამბობენ, ეს ფაქტობრივად იყო საქართველოს ნაკრები – დაკომპლექტებული საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებით.

სანუკვარი ჯილდო!

ახლა, როცა თბილისის დინამოს ფეხბურთელებმა მოიპოვეს თავიანთი არსებობის მანძილზე ეს უდიდესი გამარჯვება, როცა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერეს ახალი სახელოვანი ფურცელი, როცა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასს, ამ სანუკვარ პრიზს თბილისისკენ აქვს გეზი აღებული, ძნელია, ძალზე ძნელი, სიტყვებით გამოხატო ის სიხარული, ის აღმაფრენა, რასაც განიცდის თითოეული ჩვენგანი, რასაც გრძნობს ყველა, ვისთვისაც კი ძვირფასია ჩვენი სპორტი, ვინც თვალის ჩინივით უფრთხილდება ეროვნულ საგანძურს, ვისთვისაც ქართული ფეხბურთის პრესტიჟი სისხლორცეული ამბავია.

რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ და კვლავ დავუბრუნდებით 13 მაისის ფინალურ მატშის პერიპეტიებს იენის „კარლ ცაისთან“, სპორტის მოყვარულებს მივაწვდით ყველა საინტერესო ცნობას, ფოტომასალას, პრესის გამონათქვამს, სპეციალისტთა მოსაზრებებს, ახლა კი, შეგახსნეებთ გუშინელი მატჩის მსვლელობას:

მატჩის ტემპი დასაწყისში არ იყო მაღალი, იგრძნობიდა ნერვიულობა, თუმცა შუა ტაიმიდან მინდვრის შუაგული დაიპყრეს დინამოელებმა. ტაიმი დამთავრდა ფრედ – 0:0.

62-ე წუთზე ანგარიში გახსნა „კარლ ცაისის“ ცენტრალურმა მცველმა ჰოპემ, რომელიც სწარაფად გადავიდა წინ, მარცხნიდან მოპოვებულ ბურთზე – 1:0.

4 წუთის შემდეგ, დინამოელთა კონტრშეტევისას შენგელიამ კარგად გაიყვანა გარღვევაზე გუცაევი, რომელმაც ზუსტი დარტყმით ბურთი მოათავსა მეტოქის კარის ბადეში – 1:1. 87-ე წუთზე კი დარასელიამ თავისი შესანიშნავი რეიდი მეორე გოლით დაამთავრა, რომელმაც თბილისის დინამოს სანუკვარი გამარჯვება მოუტანა.

ევრპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1981 წლის გამარჯვებული ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ხელმძღვანელობდნენ ნ.ახალკაცი, კ.ასათიანი, ს.კუტივაძე.

ფეხბურთის ასიათასობით გულშემატკივრის იმედი, რომ საყვარელი გუნდი, თბილისის დინამო გაიმარჯვებდა, ასრულდა. დინამოელებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი სპორტი დიუსელდორფის „რეინშტადიონზე“ და მოიპოვეს ერ-ერთი ყველაზე საპატიო პრიზი- ევროპის თასების მფლობელთა თასი.

ეს ფაქტი მით უფრო სასიხარულოა და საამაყოა, რომ გამარჯვება ჩვენმა ბიჭებმა გამოსჭედეს ღირსეულ მეტოქესთან, ძნელ, მეტად დაძაბულ ბრძოლაში.

მსგავსი/Related

Back to top button