გაზეთი ლელო, 1984: ვრცელი ინტერვიუ მიხეილ მესხთან
რედაქციისგან: “გაზეთი ლელო, პირველი ქართული სპორტული გაზეთი არის და საბჭოთა დროს ის წარმოადგენდა საქართველოს სსრ ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტისა და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს ორგანოს.
მიხეილ მესხი (1937-1991) ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და შეიძლება საუკეთესო დრიბლიორიც კი არის. მის განსხვავებულ თამაშის სტილს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა საბჭოთა კავშირში, ხოლო სანაკრებო მატჩებმა კი მას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა. მიხეილ მესხი, მრავალი ტიტულისა თუ ჯილდოს მფლობელია, მაგრამ ვერაფერი შეედრება 1964 წლის “ოქროს მატჩის” გამარჯვებასა და მის გოლს. 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში, თბილისის დინამომ, ანგარიშით 4:1 დაამარცხა მოსკოვის ტორპედო და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. “ოქროს თაობა” ასე შეარქვა ქართველმა ხალხმა, გუნდს, რომელმაც პირველი ოქრო მოუტანა საქართველოს.
სტატია ქვეყნდება შემოკლებით
გაზეთი ლელო, N10-N11
მსაჯის სასტვენმა პირველი ტაიმის დამთავრება ამცნო მატჩის მონაწილეებსა და ხალხით გაჭედილ ტრიბუნებს. გუნდები გასახდელისკენ წავიდნენ და თითქმის მაშინვე გულშემატკივართა გრძელი მწკრივი მოპირდაპირე ტრიბუნებისკენ დაიძრა. ეს სანახაობა მხოლოდ გამოუცდელ, საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს თუ გააოცებდა. „შინაურმა ხალხმა“ კი იცოდა: მოპირდაპირე ტრიბუნას მესხის თაყვანისმცემლებმა მიაშურეს, რათა უფრო ახლოს ყოფილიყვნენ თავიანთ კერპთან. დიახ, სტადიონზე მართლაც რაღაც სასწაულებს სჩადიოდა მოედანზე. დიდი სისწრაფე, ფილიგრანული ტექნიკა, უბრწყინვალესი დრიბლინგი, ორიგინალური ფინტების ნამდვილი კასკადი – ეს იყო დიდებული სპექტაკლი, უიშვიათესი სანახაობა,რაც ასე უყვართ ჩვენთან, თბილისში. თუმცა რატომ მარტო თბილისში – მესხის თამაშს ბევრჯერ გამოუწვევია აღტაცების გუგუნი საბჭოთა კავშირისა თუ უცხოეთის სტადიონებზე. 1961 წელს, სამხრეთ ამერიკაში საბჭოთა ნაკრების ტურნეს დღეებში,მესხის ბრწყინვალე თამაშმა აღაფრთოვანა ბუენოს-აირესის სტადიონზე მოსული 120 ათასი მაყურებელი. „ქართველი გარინჩა“, „დრიბლიორი-სატანა“ – ვინ იცის რას აღარ უწოდებდნენ ქართველ ფეხბურთელს მისი მაღალი ოსტატობით მოხიბლული არგენტინის გაზეთები.
თავდამსხმელთან საუბარი, მე ვფიქრობ, გოლებით უნდა დავიწყოთ. მიხეილ მესხმა პირველი გოლი გაიტანა 1956 წლის 26 აგვისტოს თბილისში ლენინგრადის ზენიტთან შეხვედრის 48-ე წუთზე. ეს იყო მისი მერვე მატჩი უმაღლეს ლიგაში
გახსოვთ თქვენი პირველი ბურთი? – ვეკითხები სახელგანთქმულ ფეხბურთელს
- იმ გოლს რა დამავიწყებს… საჯარიმოდ დარტყმის მერე ბურთი ჩემამდე მოვიდა. მძლავრად დავარტყი დაბალ კუთხეში… ასე გაიხსნა ანგარიში იმ ჩემთვის ღირსსახსოვარ მატჩში, რომელიც ჩვენ მოვიგეთ ანგარიშით 4:0
თქვენი გოლებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე ფასეულად, რომელმა მოუტანა გუნდს ყველაზე მეტი სარგებლობა?
- რაღა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქოდა მესამე გოლს 1964 წლის ტაშკენტში მოსკოვის „ტორპედოსთან“ გამართულ მატჩში. დამატებით დროში, როცა ანგარიში იყო 2:1 ჩვენ სასარგებლოდ, ჩემმა მეურვემ ანდრიუკმა სცადა ბურთი მეკარე შაპოვალენკოსთვის გადაეცა – ის ამ დროს გამოსული იყო კარიდან. მე ვისკუპე, ბურთი წავართვი და მოჭრილი ჩახვეული დარტყმით შორეულ კუთხეში შევაგდე. ამ გოლის მერე მე და ჩემმა თანაგუნდელებმა საბოლოოდ ვირწმუნეთ რომ ჩემპიონები ვიყავით.
ყველაზე ლამაზი გოლი?
- კარში მასლაჩენკო იდგა… გადაცემაზე გავედი, ბურთს ძირს დაშვება არ ვაცალე, ჰაერშივე დავარტყი შორეულ მაღალ კუთხეში. ის გოლი მარტო მე კი არა თვითონ მასლაჩენკოსაც ძალიან მოეწონა – წამოდგა, გადამეხვია და გადამკოცნა. საერთოდ ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი გოლი ჩეხოსლოვაკიის კარში ნაკრებთან მატჩში გავიტანე…
საკუთარ მინდორზე თქვენ თითქმის სამჯერ მეტი გოლი გაქვთ გატანილი, ვიდრე სტუმრად. როგორც ჩანს, უცხო მინდვრის კომპლექსი მაინც თამაშობდა როლს.
- კომპლექსი მე არა მქონია. პრობლემები კი უცხო მოედანზე თამაშის დროს მართლაც ჩნდებოდა – ეს ეხება კლიმატურ პირობებსაც, საფეხბურთო მინდვრების ხარისხსაც, რის გამოც მე მუდამ მიჭირდა თამაში, მაგალითად კუიბიშევსა და კიშინიოვში. სწრაფი ტექნიკური ფეხბურთელისთვის ამ ფაქტორს მცირე როლი როდი ენიჭება. გარდა ამისა, მეტად მგრძნობიარე გახლდით ტრიბუნების რეაქციის მიმართ. ვარჯიშიც კი მაყურებლის თვალწინ მიყვარდა. ხალხის მხურვალე მხარდაჭერა თითქოს ფრთებს მასხამდა.
მე ბევრი მატჩი მახსოვს, როცა თქვენ მართლაც დაფრინავდით მინდორზე. 1960 წელს ერთ-ერთ ასეთ მატჩში – ერევნის „სპარტაკთან“ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანეთ და პირადი რეკორდი დაამყარეთ.
- ეს კია, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ერთხელ მაგალითად, მხარდაჭერის მაგიერ სტვენამ გამაქეზა სათამაშოდ. იმ მატჩის მერე, ახლა თქვენ რომ გაიხსენეთ, ერევანში საპასუხო შეხვედრა წავაგეთ დიდი ანგარიშით, შემდეგი მატჩი თბილისში გვქონდა როსტოვის არმიელებთან. დაიწყო თამაში როგორც კი ბურთი ჩემამდე მოაღწევდა გამაყრუებელი სტვენა ატყდებოდა. გავმწარდი, კაცი არ ვიყო, თუ დღეს თქვენ ტაში არ დაგაკრევინოთ-მეთქი, გავიფიქრე. იმ დღეს ოთხი ბურთი გავიტანე. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ტრიბუნებზე…
ფეხბურთელი შედეგიანობის საზომად სისტემა „გოლი+პასი“ რომ იყოს მიღებული, თქვენ ალბათ ფედოტოვის კლუბის პირველ ათეულში მაინც მოხვდებოდით.
- ეჭვი არ მეპარება. დასანანია, რომ სტატისტიკოსები ასე არ ანგარიშობენ. ვინ მოთვლის, რამდენი ბურთი გაუტანიათ ჩემი გადაცემის მერე კალოევს, გივი ნოდიას, ნაკრებში ვიქტორ პონედელნიკს.
თუ შეგიძლია გაიხსენოთ შემთხვევა, როცა ბურთი დაარტყით და მიზანს ვერ მიაღწიეთ?
- დღესაც მწარედ მახსენდება ერთი შემთხვევა: ბურთი მომაწოდეს მართლაც იდეალურ პოზიციაში. იაშინის კარიდან ორ-სამ მეტრში ვიდექი. დავარტყი და ავაცდინე. ის ამბავი რომ გამახსენდება, ახლაც გუნება მიფუჭდება. ვფიქრობ და ვერ ამიხსნია რა დამემართა…
ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
- ნაკრების მატჩებიდან გავიხსენებ ფინალურ შეხვედრას იუგოსლავიის გუნდთან 1960 წელს, როცა ევროპის თასი მოვიგეთ. თბილისის „დინამოს“ შეხვედრებიდან დაუვიწყარია დამატებითი მატჩი „ტორპედოსთან“ ტაშკენტში, რომელმაც პირველი ოქროს მედლები მოგვიტანა. ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის მაძინლზე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. პირადად ჩემთვის კი, ვფიქრობ, ყველაზე იღბლიანი იყო საბჭოთა ნაკრების შეხვედრა არგენტინის გუნდთან 1961 წელს ბუენოს-აირესში.
ალბათ ჩვენ სტადიონებზეც გამოუყენებიათ მსგავსი „ტაქტიკა“ თქვენს წინააღმდეგ…
- ბევრჯერ. ერთხელ ერევანში ედიკ ვარდანიანი, სხვა რომ ვერაფერი მოახერხე მასიურში მწვდა და ტანზე შემომახია. ახლა მე და ედიკი მეგობრები ვართ. ყოველთვის, როცა სტუმრად ვეწვევი ხოლმე, მეგობრები ეკითხებიან, რა ქენი, უყიდე მაისური თუ არა?
ზოგჯერ კი ალბათ არც მაგას გაკმარებდნენ ხოლმე…
- რა თქმა უნდა. ფორმას ვინღა დაეძებდა, მთავარი იყო ფეხები გადამერჩინა. ერთხელ კიევში მასპინძელთა მცველმა რამდენიმეჯერ აკრძალული ილეთით შემაჩერა. საყვედურით შევხედე. შეწუხებული მომიახლოვდა და მეუბნება: მაპატიე, მიშა, მწვრთნელმა დამავალა, მოითმინე ერთი მატჩი, თორემ დუბლებში გადამიყვანენო, იმას სინდისი მაინც აწუხებდა…
1963 წლის 3 სექტემბერს, ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩის 54-ე წუთზე, ჩვენთან, თბილისში, თქვენ მინდვრიდან გაგაძევეს.
- კი იყო ასეთი შემთხვევა. ბაქოელთა მცველი ახუნდოვი მთელი მატჩის მანძილზე, იმ 54-ე წუთამდე, ბურთს მივიღებდი თუ არა, ფეხებში მირტყამდა. არადა, ის დალოცვილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ბოლოს და ბოლოს ვერ მოვითმინე… მაშინვე მოვარდა მსაჯი და მინდვრიდან გამაძევა. მერე ცოტა ხანს იყოყმანა და ახუნდოვიც გააგდო. მივდივარ დაბნეული და ახუნდოვი მეუბნება: მე ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა არც მე ვთამაშობ, არც შენ“.
ვინ იყო ყველაზე „ძნელად დასაძლევი“ მცველი?
- პონომარიოვი, ცსკა-დან. ძალიან წმინდად, დაჯერებული ასრულებდა ილეთს, რომელსაც ფეხებში ვარდნას ვეძახით. და ამ ილეთით ხშირად ახერხებდა ჩემს გამოთიშვას.
ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთიდან წასვლა გაიძულათ თვით თამაშის ხასიათის შეცვლამ, რამაც უჩვეულოდ გაზარდა ფეხბურთელის დატვირთვა მინდორზე, მათ შორის – დაცვის ფუნქციებიც.
- ეს ერთი მიზეზი იყო ჩემი ფეხბურთიდან წასვლა სხვა გარემოებებმაც განაპირობა… ხშირად მაგონდებოდა ერთი იუგოსლავიელი მწვრთნელის სიტყვები: ვეტერანები თავითა და ფეხებით თამაშობენ, ახალგაზრდა ფეხბურთელები კი კი მარტო ფეხებითო. დარწმუნებული ვარ, ვეტერანებს ცოტა მეტი მზრუნველობით რომ ეკიდებოდნენ, კიდევ ორ-სამ წელიწადს ვითამაშებდი.
აქსელ ვართანიანი