ახალი ამბები

სილქნეტის აბონენტთა პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა

კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა ნაწილის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების ფაქტი დაფიქსირდა. ამის თაობაზე თავად სილქნეტი იტყობინება, რომელიც ასევე აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება.

მართალია სილქნეტის თქმით, სავარაუდოდ 2 000 აბონენტის მონაცემებზეა საუბარი, 19 მარტს რადიო თავისუფლების ქართული ბიურო იტყობინებოდა, რომ საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც არალეგალური გზით გავრცელდა ინტერნეტში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ინციდენტი 18 მარტს მოხდა.

ამავე ინფორმაციით, ფიზიკური პირის მიმართვის საფუძველზე, მომხდარი ფაქტის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო ორი მიმართულებით: რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები სილქნეტში და შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.

რადიო თავისუფლებამ ინციდენტზე კომენტარი „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ დამფუძნებელს, ლადო სვანაძეს სთხოვა, რომელმაც განმარტა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონით, სადაც საქართველომ 2021 წელს შეიტანა ცვლილებები, კატეგორიებად დაიყო კომპანიები და ორგანიზაციები. სილქნეტი სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად გადის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ზედამხედველობას ინფორმაციის დაცულობის თვალსაზრისით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ახორციელებს. „შესაბამისად, თუკი გამოძიება დაიწყება, სუსიც უნდა იყოს ჩართული ამ გამოძიებაში“, – აღნიშნა მან.  

თავის მხრივ, სილქნეტი ამბობს, რომ კომპანია „მჭიდროდ თანამშრომლობს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და „მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button