skip to content
ახალი ამბები

„სილქნეთი“ და „მაგთიკომი“ 5G აუქციონთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას აკრიტიკებენ

საქართველოს ორმა წამყვანმა მობილურმა ოპერატორმა, „მაგთიკომმა“ და „სილქნეთმა“ 31 ივლისს განცხადებები გამოაქვეყნეს, რომლითაც გამოეხმაურნენ კომუნიკაციების კომისიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად  გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „სელფი მობაილი“ (ყოფილი ბილაინი) მიიღებს. შედეგად, „სელფი“ ერთადერთი კომპანია იქნება, რომელიც საქართველოში 5G მობილურ ინტერნეტს დანერგავს.

კომუნიკაციების კომისიის განცხადება

28 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად  გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ  შპს „სელფი მობაილი“  მიიღებს.  კომპანიამ განაცხადი სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში ლოტების შეძენაზე გააკეთა. „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მოთხოვნა იყო, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კომისია მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის, MVNO-ს მათ ქსელზე დაშვების ვალდებულებისა და ფასდაკლების გარეშე, ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს. კომისიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სრულად გაითვალისწინა, არცერთმა მათგანმა აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო. „საგულისხმოა, რომ სწორედ ეს ორი კომპანია ფლობს ტელეკომ ბაზრის 70%-ზე მეტს და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგია მათ გარეშე დაინერგება“, – აღნიშნა კომისიამ.

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის კომპანია, რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას არ ფლობს, თუმცა ლიცენზირებული მობილური ოპერატორის ქსელის გამოყენებით საკუთარი ბრენდის სახელით მობილურ სატელეფონო მომსახურებას ყიდის.

„მაგთიკომის“ პასუხი

კომპანია „მაგთიკომმა“ კომისიის განცხადებას 5G აუქციონთან დაკავშირებით  „მორიგ ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ უწოდა და დასძინა,რომ „კომისია ცდილობს თავისი წარუმატებლობა 5G აუქციონთან დაკავშირებით (EU-ს რეკომენდაცია) სხვებს გადააბრალოს“. „მაგთიკომი“ განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სრულყოფილი 5G ქსელი აიგოს, საჭიროა ოპერატორ კომპანიას შეძენილი ჰქონდეს სიხშირეები 3400-3700 მგჰც და 700 მგჰც დიაპაზონიდან. „რომელიმე სიხშირის შესაბამისი რაოდენობის/ზოლის არ ქონა ხსენებული დიაპაზონიდან გამოიწვევს უხარისხო 5G ქსელს“, – აცხადებს კომპანია და აღნიშნავს, რომ კომისია აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს და უბიძგებს ოპერატორს, რომ ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეიძინოს სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.

„მაგთიკომი“ ხაზს უსვამს, რომ კომპანია არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მომგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის. „მაგთიკომი ებრძვის და წინააღმდეგია, როდესაც კომისია არაბუნებრივ ინტერესს ავლენს  იძულებითი MVNO-ის საკითხის მიმართ, იქცევა ტენდენციურად, არაკვალიფიციურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების/კვლევის გარეშე გააჩინოს ან შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, კომისიის მიერ წინასწარ, ცბიერად დაგეგმილი და ხელოვნური რისკის მატარებელი ხდება მაგთიკომისათვის“, – აცხადებს კომპანია.

„მაგთიკომი“ კომუნიკაციების კომისიას დეზინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს. მიუხედავად „მაგთიკომის“ გაფრთხილებისა, რომ 5G აუქციონის პირობები არ ქმნიდა რეალურ ალტერნატივას, რომლის საფუძველზეც „მაგთიკომი“ შეძლებდა საკუთარი სტრატეგიით გათვალისწინებულ სიხშირეების შეძენას იძულებითი MVNO-ის არსებობის გარეშე, „კომისიამ „მაგთიკომის“ ეს პოზიცია არ მოისმინა (არ გაითვალისწინა) და, უფრო მეტიც, უსაფუძვლოდ მოხდა ჩვენი დადანაშაულება რომ დავარღვიეთ ის პირობა, რომელიც არც არასდროს გაგვიცია“.

კომპანიის თქმით, „მაგთიკომი“იქნება კომპანია, რომელიც ყველაზე წარმატებულად და სრულყოფილად დანერგავს მეხუთე თაობას (5G) საქართველოში, „ისევე როგორც ეს ყოველთვის აქამდე სხვა ტექნოლოგიებზე გვიკეთებია“. სამწუხაროდ, კომისიამ დროში გადაავადა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ასევე საქართველოში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებელი და ავტორიზებული პირები ერთობლივად და კონსტრუქციულად უნდა ზრუნავდნენ ახალი ტექნოლოგიების დასანერგად და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე და არა პირიქით, კომისია გვევლინებოდეს მთავარ ბარიერად ახალი ტექნოლოგიის დასანერგად“.

„სილქნეთის“ პასუხი

კომპანია „სილქნეთმა“ უკმაყოფილება გამოთქვა 5G აუქციონთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა „სილქნეტის“ არცერთი შენიშვნა, რომელიც აუქციონის პირობებს გააუმჯობესებდა, კერძოდ სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობა MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში); მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქება; და 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. კომპანიამ განმარტა, რომ ის მიესალმება MVNO-ს დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე. „კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს“, – აღნიშნა მან.

„სილქნეთის“ თქმით, კომისიამ  არ ჩაატარა კვლევა და შესაბამისად, ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ამგვარი მკაცრი ვალდებულებებისა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევრორეგულაციებთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ თავისი ქმედებებით ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა და ასობით მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება.

„დღეს ქვეყანაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსი, სამჯერ მეტია სამივე ოპერატორის სარგებლობაში არსებულ სიხშირეებზე (2G,3G,4G). ეს რესურსი საკმარისზე მეტია, რომ სამივე ოპერატორმა ეფექტურად დანერგოს 5G ქსელი. დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ კომისიამ წაახალისოს ქსელების დანერგვა და ინვესტიციების განხორციელება, ის ხელოვნურად აფერხებს ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მობილურმა ოპერატორმა.

მიუხედავად ამ წარუმატებელი აუქციონისა, „სილქნეთი“ იმედს იტოვებს, რომ მომავალში კომისია ოპერატორებთან კომუნიკაციის კონსტრუქციულ გზას გამონახავს,  როგორც ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებისთვის.

„სილქნეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მზად არის დანერგოს 5G ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია არის საჭირო შემდეგი წლების განმავლობაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 5G არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button