
საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა და განაცხადა, რომ ამგვარმა პრაქტიკამ შესაძლოა ფუნდამენტური უფლებების შელახვა გამოიწვიოს.
10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში საია აცხადებს, რომ დისტანციური ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სამართალდამცავი მიზნებისთვის ძირს უთხრის ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მონაცემთა დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების უფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს მასობრივი თვალთვალის რისკებს და აღნიშნავს, რომ კამერების პრაქტიკაში ადამიანის უფლებებისთვის დამაზიანებელი მიზნით გამოყენებას მასობრივად აქვს ადგილი ავტოკრატიულ რეჟიმებში.
საია-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა სსიპ-მა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა – 112″ შეისყიდა სახისა და ემოციების ამომცნობი 30 კამერა. „აღნიშნული კამერების შესყიდვას უძღვოდა 112-ის დირექტორის წერილი, რომელშიც განიმარტა, რომ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 115 კამერა დაზიანდა“, – აცხადებს საია.
„ასეთი კამერების პრაქტიკაში ადამიანის უფლებებისთვის დამაზიანებელი მიზნით გამოყენებას მასობრივად აქვს ადგილი ავტოკრატიულ/ტოტალიტარულ რეჟიმებში. Human Rights Watch-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება არა მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს, არამედ – გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებსაც“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს, წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები; ასევე რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.
ბიომეტრიული მეთვალყურეობის შესახებ დებატები ნოემბრის ბოლოს საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გააქტიურდა. საია 28 ნოემბრის შემდეგ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ორგანიზაციის თქმით, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოსათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა.
6 თებერვალს რადიო თავისუფლების თბილისის ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ქვეყნის მასშტაბით სათვალთვალო კამერების სწრაფ განთავსებასა და მათი მართვის გამჭვირვალობის ნაკლებობაზეა საუბარი. კვლევის შედეგად წარმოიშვა შეშფოთება კერძო კადრებზე ხელისუფლების არასანქცირებულ წვდომის, ასევე სათვალთვალო კამერების მონაცემებზე წვდომის პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების თაობაზე, რაც სახელმწიფოს მიერ საჯარო სივრცეზე კონტროლის გაფართოებასთან და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებთან ერთად, ავტორიტარიზმის სულ უფრო მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/01/2025 – ოპოზიციის წევრი გახარიაზე თავდასხმის დაფარვაში სასტუმრო „შერატონის“ შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს
- 08/02/2024 – სათვალთვალო კამერების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოების რისკები საქართველოში
- 24/09/2021 – სახელმწიფო ინსპექტორი: შსს-მ ლაშქარავას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპი დაარღვია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)