skip to content
ახალი ამბები

„იანდექს ტაქსი“ რუსეთს პერსონალურ მონაცემებს გადასცემდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც „იანდექს ტაქსის“ სერვისების მიმწოდებელია, ქართველი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ გადასცემდა რუსეთს.

კომპანია „რაიდტექ ჯორჯია“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანიას რუსეთისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შეწყვეტა დაევალა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი. „შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი“, – აცხადებს სამსახური.

ამავე ინფორმაციით, შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა, თუმცა მას უარი ეთქვა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button